საერთაშორისო მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა ქუთაისის აეროპორტი დაათვალიერეს
საერთაშორისო მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა ქუთაისის აეროპორტი დაათვალიერეს

The New York Times-ის, BBC-ის, Forbes-ის, Independent-ის, Dazed Magazine-ის, Marie Claire-ის, Sunday Times-ისა და Sueddeutsche zeitung-ის ჟურნალისტებმა, იმერეთის პრესტურის ფარგლებში, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი მოინახულეს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების პრესსამსახურის ინფორმაციით, მაღალრეიტინგული საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებმა განახლებული აეროპორტის მოფრენისა და გაფრენის დარბაზები, ასევე ტერასა გადაიღეს და ქუთაისის აეროპორტის შესაძლებლობებს გაეცნენ. მათ ადგილზე მეგზურობა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მენეჯერმა, არჩილ სილაქაძემ გაუწია.

„ცნობილი გამოცემების წარმომადგენლები საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმყოფებოდნენ. მათ ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხე მოინახულეს და საქართველოს ისტორიული ადგილებისა და ქართული კულტურის შესახებ ვრცელ სტატიებს მოამზადებენ.

დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტიდან ერთადერთია, სადაც ყველაზე მეტი ევროპული მიმართულება სრულდება. ამ ეტაპზე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი გზით ევროპის 19 ქვეყანაშია მოხვედრა შესაძლებელი. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება პარტნიორ ავიაკომპანიებთან ერთად, მუდმივად მუშაობს, რათა ევროპული მიმართულებების რაოდენობა 2019 წლის ნიშნულს მიუახლოვდეს. 2022 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, ქუთაისიდან ევროკავშირის მიმართულებით და პირიქით, კიდევ რამდენიმე პირდაპირი რეგულარული რეისი დაემატება“, – ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციაში.