ქართველი მთამსვლელების წარმატება - არჩილ ბადრიაშვილი, ბაქარ გელაშვილი და გიორგი ტეფნაძე პაკისტანში ერთ-ერთ დაულაშქრავ მწვერვალზე ავიდნენ
ქართველი მთამსვლელების დიდი წარმატება – არჩილ ბადრიაშვილი, ბაქარ გელაშვილი და გიორგი ტეფნაძე სარაგრარის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილის ერთ-ერთ დაულაშქრავ მწვერვალზე ავიდნენ.
ცნობილია, რომ სარაგრარის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი და ძნელად დასაპყრობი მასივია. მასზე ასვლას ისიც ართულებს, რომ ტექნიკური თვალსაზრისით თითქმის ყველა მარშრუტი ერთნაირად მიუდგომელია და ციცაბო ფერდობებით არის ცნობილი. სარაგრარის უმაღლესი წერტილი ჰინდუ კუშის მთათა სისტემაში მე-4 ადგილზეა: ესაა ჩრდილოეთ-აღმოსავლეთის მწვერვალი, რომელიც 7 349 მეტრს უტოლდება.
სამმა ქართველმა მთამსვლელმა პაკისტანში წინა ვიზიტისას, უკვე დალაშქრეს ნანგა-პარბატი, თუმცა ისინი უფრო მეტად დაულაშქრავი მწვერვალების ძიებაში არიან. გასულ წელს მათ მწვერვალ უშბაზე ჩრდილო-დასავლეთის ფერდობზე ახალი რთული მარშრუტიც აღმოაჩინეს.