ქართველი მოციგავის, ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვიდან რვა წელი გავიდა

საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრის, ქართველი მოციგავის, ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვიდან რვა წელი გავიდა.

ბაკურიანის ეკლესიის წინამძღვარმა ნოდარ ქუმარიტაშვილის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

ნოდარ ქუმარიტაშვილის მამის თქმით, დასკვნის შემდეგ ყველამ ერთხმად აღიარა, რომ ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვის მიზეზი ტრასის გაუმართაობა იყო.

„ოლიმპიადის წინ, ბოლოს რომ გავაცილე, დამემშვიდობა და არც შემომხედა. წავიდა და შემდეგ მირეკავს, მამა, ძალიან არასწორი ტრასაა. ჩემს გარდა სხვებიც იმტვრევიან, მაგრამ მე გავდივარ მაგ მონაკვეთსო. მე ვუთხარი, ნოდარი დაატორმუზე, რომ ჯანმრთელად ჩახვიდე-მეთქი. გამიბრაზდა, აქ დასატორმუზებლად კი არ ჩამოვედი, უნდა გავაკეთო ის, რაც ჩაფიქრებული მაქვსო. გამითიშა ტელეფონი, ალბათ გამიბრაზდა. დილით ვაპირებდი ნახვას, რადგან ჩვენთან „ევროსპორტი“ არ იყო. მაშინ უკვე დაღუპული იყო ნოდარი. მთელი ბაკურიანი ფეხზე იყო. გამთენიისას ეზოში სასწრაფო რომ შემოვიდა, მაშინვე მივხვდი, რომ ცუდად იყო საქმე.

დასკვნას რას შეეხება, ჩამოვიდა დელეგაცია, შეამოწმეს ციგა და ყველაფერი, მაგრამ დააბრალეს ტრასის გაუმართაობას და ეს თვითონ დელეგაციამაც კი აღიარა. ამ სპორტში დავბერდი. შესვლა კარგი ჰქონდა, გამოფრენის დროს „პალატკები“ ჰქონდა ჩამოფარებული და ჩანს, როგორ მიეჯახა კედელს. შუა ვირაჟში რა მოხდა, არ ვიცი. ფელიქს ლოხი იყო ჩამოსული და სახალხოდ ილაპარაკა, მადლობა გადაუხადა ნოდარს, რომ გადაგვარჩინაო. ბევრის სიცოცხლე გადაარჩინა ნოდარმა. გაუმართავი ვირაჟი გამოდგა და ეს აღიარეს თვითონ უცხოელებმა. უნდოდათ დასკვნაში გამოუცდელობა დაეწერათ. თვითონ კანადელებმა, უცხოელებმა და მაყურებლებმა დიდი აჟიოტაჟი ატეხეს, ნახეს იქ რაც მოხდა. გადაბრალება უნდოდათ ნოდარზე, მაგრამ არ გამოუვიდათ. ერთხმად აღიარეს, რომ ტრასის გაუმართაობა იყო ამ ამბის მიზეზი“, – ამის შესახებ ნოდარ ქუმარიტაშვილის მამამ, დავით ქუმარიტაშვილმა განაცხადა.

2010 წლის 12 თებერვალს, კანადაში, ვანკუვერში ოლიმპიური თამაშების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილმა უისტლერის ოლიმპიურ ტრასაზე ერთ-ერთი ბოლო სავარჯიშო დაშვების დროს მართვა დაკარგა და 143.3 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ციგა ტრასის ბორტს შეეჯახა. იგი ციგიდან ამოვარდა და ტრასიდან მოშორებით, ლითონის კონსტრუქციას შეეჯახა. სასწრაფო დახმარების ვერტმფრენით მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.  21 წლის ქართველი სპორტსმენი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.