25 ნოემბერი ნოდარ ქუმარიტაშვილის დაბადების დღეა
25 ნოემბერი ნოდარ ქუმარიტაშვილის დაბადების დღეა

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე, ვანკუვერის ოლიმპიადაზე ტრაგიკულად დაღუპული ნოდარ ქუმარიტაშვილისადმი მიძღვნილი პოსტი გამოაქვეყნა. დღეს, 25 ნოემბერს, ქართველი ოლიმპიელის დაბადების დღეა.

„დღეს 30 წელი შეუსრულდებოდა ქართველ მოციგავეს ნოდარ ქუმარიტაშვილს.

ნოდარი შრომისმოყვარე, ნიჭიერი, მიზანდასახული, მრავალმხრივად განათლებული ახალგაზრდა გახლდათ. საქართველოს ოლიმპიური გუნდის გამორჩეული და საოცარი პერსპექტივის მქონე სპორტსმენი. მას ნამდვილად დიდი მომავალი ექნებოდა, რომ არა ვანკუვერის 2010 წლის ზამთრის XXI ოლიმპიური თამაშებზე მომხდარი ტრაგიკული საბედისწერო შემთხვევა. მომხდარმა ტრაგედიამ შეძრა მთელი მსოფლიო, თამაშების გახსნის ოფიციალური ცერემონიის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, 12 თებერვალს უისტლერის საციგაო ტრასაზე საცდელი დაშვებისას ქართველი მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი ფატალურ შემთხვევას ემსხვერპლა.

ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელის უკვდავსაყოფად და მისი ხსოვნისადმი პატივის მისაგებად საქართველო და საერთაშორისო ოლიმპიური მოძრაობა მუდამ ერთსულოვანი იქნება.“

 

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი