ლონდონში ვიზიტად მყოფი ქართული დელეგაცია, ირაკლი ბერაიას ხელმძღვანელობით, ბრიტანელ კოლეგებს, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში თემთა პალატის დელეგაციის წევრს, უენდი მორტონს, საფინანსო კომიტეტის თავმჯდიმარეს, ჰარიეტ ბოლდვინს და ბრიტანეთის თემთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ალისია კირნსს შეხვდნენ.
ქართველმა პარლამენტარებმა თავიანთ კოლეგებს საქართველოს უსაფრთხოების გარემოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. მასპინძლებს გააცნეს ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის გზაზე განხორციელებული რეფორმები, მიღწეული პროგრესი და ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების, ისევე როგორც ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს დაწინაურების მნიშვნელობას.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი ირაკლი ჩიქოვანი, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი ხატია წილოსანი და ბრიტანეთში საქართველოს ელჩი სოფიო ქაცარავა.