„ქართული ოცნება“ - ზუგდიდის მერმა და მისმა მოადგილემ თანამდებობები მათ მიმართ კითხვების გამო დატოვეს, ხელშეუხებელი პირები არ არსებობენ
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” ზუგდიდის მერისა და მისი მოადგილის მიერ თანამდებობების დატოვებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
„ბოლო პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ, მათ შორის არჩეულ პირთა მიმართ გაჩნდა გარკვეული კითხვები დანაშაულის შესაძლო ჩადენასთან დაკავშირებით, რომელიც პასუხგაუცემელი არ უნდა დარჩეს.
შესაბამისად, საქმეზე დაწყებული იყო გამოძიება.
სწორედ ამ ვითარების გათვალისწინებით, დატოვეს დაკავებული თანამდებობები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, ლაშა გოგიამ და მისმა მოადგილემ, გია გულორდავამ.
გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს და შედეგებიდან გამომდინარე, მიღებული იქნება შესაბამისი კანონისმიერი გადაწყვეტილებები.
„ქართულმა ოცნებამ” არაერთხელ, საქმით დაამტკიცა, რომ მისი ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში, ხელშეუხებელი პირები არ არსებობენ და ვერც იარსებებენ, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია“, – ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.
ზუგდიდის მერმა, ლაშა გოგიამ თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია გუშინ სოციალურ ქსელში გაავრცელა. დღეს თანამდებობა დატოვა მერის პირველმა მოადგილემ, გია გულორდავამ. ამასთან, როგორც პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, ზუგდიდის ყოფილი მერის მიმართ გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე დაიწყო. არსებული ინფორმაციით, საქმე ეხება ერთ-ერთი ბიზნესმენისგან ქრთამის აღებას მიწის დაკანონების სანაცვლოდ.