„ქართულმა მარშმა“ პარტია „ქართული მარში - ეროვნული მოძრაობა“ დააფუძნა [ფოტო]
„ქართულმა მარშმა“ პარტია „ქართული მარში - ეროვნული მოძრაობა“ დააფუძნა [ფოტო]

„ქართული მარში – ეროვნული მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში.

ყრილობაზე სანდრო ბრეგაძე პარტიის თავმდჯომარედ აირჩიეს. გენერალური მდივანი გახდა ირაკლი შიხიაშვილი.

„ჩვენი პოლიტიკური პარტია იქნება ილია ჭავჭავაძის იდეოლოგიის. ეს იქნება ეროვნული, დაფუძნებული დიდი ილიას ძირითად ფუძემდებულ პრინციპებზე – მამული, ენა, სარწმუნოება და ერთ-ერთი საარჩევნო სლოგანი იქნება დიდი ილიას სიტყვები – „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნის“. სწორედ ეს არის ერთ-ერთი და მთავარი მიზეზი იმისა, რომ პარტია ფუძნდება დიდი ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში. ჩემთვის სამარცხვინო იქნებოდა, აქ მიხეილ სააკაშვილმა, ან გიგა ბოკერიამ შემოდგას ფეხი, ხოლო ჩვენ ფუძემდებლურად ვართ ილია ჭავჭავაძის პრინციპების გამგრძელებლები. „ნაციონალური მოძრაობა“, ბოკერიას პარტია, ეს ურჯულოების კლასტერი, მე ასეთ წესსაც დავაწესებდი, რომ ავკრძალავდი მათ არა მარტო ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში შემოსვლას, არამედ ყველა ფუძემდებლურ და სახელმწიფოებრივ ადგილას ყოფნას, რომელსაც ისინი წაბილწავენ. აქედან გამომდინარე, მათ უნდა სცხვენოდეთ, რომ საერთოდ ქუჩაში დადიან“, – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

ბრეგაძემ დღევანდელი ღონისძიების ხარჯებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ყრილობა 3000 ლარი დაჯდა.

„1000 ლარი ბატონმა ირაკლიმ მოგვაწოდა, დაახლოებით 1500 ლარი მე დავდე და 500 ლარი ჩვენი წევრებისგან შეგროვდა. ეს არიან ბიზნესმენები და ისეთი ადამიანები, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა, რომ ყოველთვიურად, ამ სამი თვის საარჩევნო პერიოდის განმავლობაში რაღაც მცირედი თანხები მოგვაწოდონ. ანუ ძირითადად ეს არის ფინანსები, რომელიც საქართველოდან არის და არანაირი უცხოური ქვეყნის ფინანსები არ არის. პარტია სხვა ორგანიზმია, ვიდრე სახალხო მოძრაობა. სახალხო მოძრაობას არ გააჩნია სტრუქტურა და ის პასუხისმგებლობა, რომელიც აქვს პარტიას. აქედან გამომდინარე, ჩვენი ამჟამინდელი ტაქტიკა იქნება სახელცვლილი, მაგრამ რაც შეეხება საქართველოს მტრების წინააღმდეგ ბრძოლას, მათთან ვიქნებით ისეთი რადიკალურები, როგორებიც ვიყავით. ეს მტრები არიან ის ადამიანები, რომლებიც ებრძვიან დიდი ილიას მიერ ჩამოყალიბებულ პრინციპს – მამულს, ენასა და სარწმუნოებას. განსაკუთრებით სარწმუნოებაზე გავაკეთებდი აქცენტს. ყველა ის ძალა, რომელიც მოწადინებულია, დაანგრიონ ეკლესია, მართლმადიდებლური რწმენა გააქრონ და ტრადიციულმა, კონსერვატიულმა საქართველომ არ იარსებოს“, – განაცხადა სანდრო ბრეეგაძემ.

მისი თქმით, ​პარლამენტში მოხვდება თუ არა, ხალხის გადასაწყვეტია, წინასწარი რეიტინგებით, რომლებიც გააჩნიათ, ბარიერს გადალახავენ.

„ჩვენ ახლა იმის ილუზია არ გვაქვს, რომ უმრავლესობით მოვალთ, მაგრამ პროგრამა მინიმუმი არის ფრაქცია პარლამენტში. ჩვენ არ ვფიქრობთ კოალიციაზე. ვფიქრობთ, რომ განსაკუთრებული პოლიტიკური ხაზი გვაქვს. ეს არის ეროვნული, ნაციონალისტური, კონსერვატორული და მხოლოდ იმ პარტიებთან ვითანამშრომლებთ, რომლებსაც ანალოგიური იდეოლოგია აქვთ. რომ დავასახელო ერთი და მეორე არა, ბევრს ეწყინება. რაც შეეხება თემატურ თანამშრომლობას, თუკი არჩევნები წარიმართა ისეთ რეჟიმში, რომელიც იქნება მიუღებელი ქართული საზოგადოებისა და საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ამ შემთხვევაში თემატურ თანამშრომლობას აბსოლუტურად არავისთან არ გამოვრიცხავთ“, – აღნიშნა სანდრო ბრეგაძემ.​

კითხვაზე – როგორ შეაფასებდა „ევროპული საქართველოს“ განცხადებას, რომელმაც ანტიევროპული და ძალადობაზე დაფუძნებული უწოდა,

„მე რომ ის ვუპასუხო, რასაც ვფიქრობ, ძალიან უხერხული იქნება პირდაპირ ეთერში, ამიტომ ურჯულოებისგან ჩვენ სხვა ეპითეტებს არ ველით. გიგა ბოკერიამ რომ გვაქოს, ეს იქნება ჩვენი ტრაგედია. ის თუ გვლანძღავს, ეს იგივეა, რომ გვლანძღავდეს სერგო ორჯონიკიძე ან ფილიპე მახარაძე“, – დასძინა სანდრო ბრეგაძემ.

კითხვაზე – ითანამშრომლებს თუ არა „გირჩთან“, რომელიც ასევე აცხადებს, რომ ილიას იდეოლოგიაზეა დაფუძნებული, სანდრო ბრეგაძემ განაცხადა: „ილია პლანს არ ეწეოდა, მგონი და რავიცი“.

მისი თქმით, სიის პირველი ნომერი ჯერ არ არის გადაწყვეტილი.