„ქართული მარში“ ივნისში პოლიტიკურ პარტიას ქმნის და არჩევნებში აპირებს მონაწილეობას
მოძრაობა „ქართული მარში“ ივნისში პოლიტიკურ პარტიას ქმნის და არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.
„ქართული მარშის“ ერთ-ერთი დამფუძნებელის, სანდრო ბრეგაძის ინფორმაციით, მოძრაობა ივნისში დამფუძნებელ ყრილობას გამართავს და პარტიის სახეებს დაასახელებს. სანდრო ბრეგაძის თქმით, პოლიტიკური პარტია იქნება ეროვნულ-კონსერვატორული ძალა, რომელიც სწორედ ამ მიმართულებით იმუშავებს.
„ჩვენ იძულებულები ვართ, რომ ჩავებათ პოლიტიკაში. დღეს არსებულ ქართულ პოლიტიკურ ველზე სამწუხაროდ, არ არსებობს ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც იქნება კონსერვატორული იდეოლოგიის მატარებელი და რომელიც იქნება ეროვნული ძალა. აქედან გამომდინარე, ჩვენ იძულებულები გავხდით, რომ წავიდეთ ამ გზით და მონაწილეობა მივიღოთ არჩევნებში. თუ დავუკვირდებით, დავინახავთ, რომ პარტიებს შორის არანაირი განსხვავება არ არის იდოლოგიურად, ფაქტიურად ერთი და იგივე იდეოლოგიურ პლატფორმაზე დგანან. განსხვავება არის იმაში, რომ ყველას უნდა ძალაუფლების მოპოვება და ხელისუფლებაში ყოფნა. იდეოლოგიურად არანაირი განსხვავება არ არის „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ან „რესპუბლიკურ“ პარტიასა და გიგა ბოკერიას შორის. ისინი ყველანი არიან ლიბერალური ღირებულებების მატარებლები. ჩვენ გამოვდივართ აბსოლუტურად განსხვავებული პლატფორმით, ეს არის კონსერვატორული, ტრადიციონალისტური იდოლოგია. ეს არის კლასიკური ევროპული ნაციონალიზმი, როგორიცაა მარი ლეპენი საფრანგეთში, გერმანიაში „გერმანული ალტერნატივა“ და სხვადასხვა პოლიტიკოსები სხვადასხვა ქვეყნებში. ჩვენ გამოვდივართ ამ პლატფორმით, რომელიც ეროვნულ იდენტობაზე – ილია ჭავჭავაძის, ზვიად გამსახურდიასა და მერაბს კოსტავას იდეოლოგიაზე იქნება დამყარებული. აბსოლუტურად სხვა ხედვა გვაქვს, საგარეო და საშინაო პოლიტიკის კუთხით, იგივე მიგრაციისა და ემიგრაციის მიმართულებით, იგივე ეკლესიასთან მიმართებაში“, – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.
რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ ძალებთან და პოლიტიკოსებთან მოლაპარაკებებს, სანდრო ბრეგაძის ინფორმაციით, რამდენიმე პოლიტიკურ ძალასთან მათ შორის, პარლამენტის ორ დეპუტატთან მიმდინარეობს საუბარი, თუმცა ამ პირების დასახელებისგან „ქართული მარშის“ ლიდერი ჯერ თავს იკავებს.
„საუბარი გვაქვს ჩვენივე იდეოლოგიის მატარებელ კონსერვატორულ ძალებთან და პოლიტიკოსებთან. რა თქმა უნდა, არის გარკვეული კონტურები გამოკვეთილი, შეთავაზება ყველა კონსერვატორულად მოაზროვნე პოლიტიკოსებისთვის, რომ მოხდეს გაერთიანება ან ერთობლივი პოლიტიკური ცენტრის შექმნა. მე სახელებსა და გვარებს ვერ ვასახელებ ჯერ. პარლამენტის მოქმედ ორ დეპუტატთანაც გვაქვს საუბრები, საუბარია ასევე საკმაოდ ბევრ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციასთანაც საერთო ეროვნული პოლიტიკური ცენტრის შექმნაზე. გვეყოლება ახალი სახეები, რომელიც ყრილობაზე გახდება ცნობილი. ყრილობა ივნისში ჩატარდება. ლევან ვასაძე პარტიის რიგებში არ იქნება, მე რამდენადაც ვიცი, ვასაძეს არ აქვს სურვილი, აქტიურ პოლიტიკაში მიიღოს მონაწილეობა, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველას, ვინც ეროვნულ ფლანგზე არის, განვიხილავ მეგობრად და პარტნიორად. იგივე მცირე პარტიებსაც და მსხვილ პარტიებსაც. ჩვენ ვალდებულებებიც კი ვართ, რომ ერთიანობა გვქონდეს, რადგან ჩვენ წინააღმდეგ დიდი და გრანდიოზული ძალა არის მომართული“, – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.
რაც შეეხება ახალი პოლიტიკური პარტიის დაფინანსებას, სანდრო ბრეგაძის თქმით, ორგანიზაციას ის და მისი მეგობრები დააფინანსებენ.
„ეს ყველაფერი ხდება არჩევნებისთვის და ვფიქრობთ, რომ დამოუკიდებლად „ქართული მარშიც“ მიაღწევს წარმატებას, მაგრამ უფრო დიდი წარმატების იმედი მაქვს, თუ ცოტა დიდი გაერთიანება შედგება. 30-ვე ოლქში იქნება კანდიდატურა დასახელებული. ძალიან დიდი ალბათობა არის, რომ კოალიციის ფორმატში გავიდეთ არჩევნებში. პარტიის ყრილობაზე ჯერ პერსონალიებზე არ ვისაუბრებთ. აუცილებლად პარლამენტში იქნებიან ეროვნული, კონსერვატორული ძალები, რომლებიც ამ პოლიტიკას გაატარებენ“, – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.