ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით, ახალი სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით, ახალი სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა

ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა. დადგენილება საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა.

პრგრამის მიზანია საქართველოს ღვინის საექსპორტო პოტენციალისა და კონკურენტუნარიანობის ზრდა საერთაშორისო ბაზრებზე. ასევე, ქართული ღვინის ცნობადობის ზრდა სტრატეგიულ/პრიორიტეტულ ბაზრებზე და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება.

„პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებს აუნაზღაურდებათ მარკეტინგული ხარჯები (გარდა საქართველოსა და დსთ-ის ქვეყნებში გაწეული მარკეტინგული ხარჯებისა), შემდეგი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში:

ა) ბენეფიციარი მოახდენს მეტი (ლიტრი) ღვინის ექსპორტს მიმდინარე კალენდარულ წელს, ვიდრე ექსპორტირებული აქვს წინა კალენდარულ წელს; ბ) ბენეფიციარი მიმდინარე საანგარიშო პერიოდში უზრუნველყოფს მეტი მარკეტინგული ხარჯის გაწევას, ვიდრე გაწია წინა საანგარიშო პერიოდში.

რაც შეეხება ასანაზღაურებელ თანხას, თითოეულ ბენეფიციარზე კალენდარული წლის მანძილზე გასაცემი ანაზღაურების მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა არა უმეტეს 600 000 ლარით.

ბრძანების თანახმად, პოტენციურ ბენეფიციართან გაფორმდება დაფინანსების ხელშეკრულება იმ შემთხვევაში, თუ მას უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში რომელიმე წელს გაწეული აქვს მარკეტინგული ხარჯი და განუხორციელებია ღვინის ექსპორტი პროგრამის პირობების შესაბამისად.

ამასთან, პროგრამა უზრუნველყოფს ბენეფიციარებისთვის სავაჭრო ქსელებსა თუ საცალო მაღაზიებში, ასევე სხვადასხვა პლატფორმაზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობას.

„პროგრამა ითვალისწინებს ისეთ მიზნობრიობებს, როგორიცაა ქსელური ტიპის საცალო გაყიდვების ობიექტებში შესვლის უზრუნველყოფის მიზნით სხვადასხვა სახის მარკეტინგული ღონისძიებების განხორციელება; სავაჭრო ქსელებსა და ღვინის სპეციალიზებულ მაღაზიებში გაყიდვების წახალისების/სტიმულირების მიზნით თაროების ბრენდირება, სავაჭრო ობიექტის კატალოგში განთავსება, დეგუსტაციები;

სავაჭრო ობიექტებსა და ღვინის სპეციალიზებულ მაღაზიებში ღვინის გაყიდვის ეფექტიანობის უზრუნველყოფა – საერთაშორისო კომპანიის დაქირავება პროდუქციის ეფექტურად განლაგების/წარდგენის მიზნით; გაყიდვების ზრდისკენ მიმართული მედიაკამპანია: სხვადასხვა სახის მედიასაშუალებებში ღვინის გაყიდვის ონლაინპლატფორმებსა და სოციალურ ქსელებში პროდუქტის რეკლამირების უზრუნველყოფა; გაყიდვების ზრდის მიზნით გაყიდვების აგენტების მომსახურების შესყიდვა; ახალი პარტნიორის მოძიების მიზნით, სამიზნე ბაზარზე გაყიდვების ზრდისკენ მიმართულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება“, – აღნიშნულია დადგენილებაში.

დადგენილებას ხელს აწერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი.