2018 წლის იანვარ-მაისში, საქართველოდან მსოფლიოს 46 ქვეყანაში ექსპორტირებულია 31,5 მლნ ბოთლი ღვინო (0,75 ლ), რაც 27 პროცენტით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.
სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 75,3 მლნ აშშ დოლარია, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 36 პროცენტი შეადგინა.
ექსპორტის ზრდა დაფიქსირდა როგორც ევროპისა და აზიის, ისე ტრადიციულ ბაზრებზე: იაპონია – 186% (97668), დიდი ბრიტანეთი – 109% (45210), ჩეხეთი – 87% (24408), სამხრეთ კორეა 76% (31380), გერმანია – 51% (252982), ნიდერლანდები – 45% (33399), რუსეთი – 38% (20439494), უკრაინა – 33% (3149059), პოლონეთი – 33% (1300222), ყაზახეთი – 32% (1379698), ლიეტუვა – 22% (172020), ლატვია – 22% (670260), ესტონეთი – 16% (216762), ბელარუსი – 11% (461952) და სხვა.
ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი (20439494), უკრაინა (3149059), ჩინეთი (2331800), ყაზახეთი (1379698) და პოლონეთი (1300222).
საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 172-მა კომპანიამ განახორციელა.
ამასთან, იანვარ-მაისში საქართველოდან მსოფლიოს 20 ქვეყანაში ექსპორტირებულია 6,7 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 21პროცენტით აღემატება გასული წლის 5 თვის მონაცემებს. ექსპორტირებული ბრენდი თანხაში 13,8 მლნ აშშ დოლარს შეადგენს – ზრდა 3 პროცენტი.
საანგარიშო პერიოდში საქართველოდან მსოფლიოს 20 ქვეყანაში ექსპორტირებულია 134 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ზრდამ შეადგინა 82 პროცენტი. სულ ექსპორტირებულია 418,3 ათასი დოლარის ღირებულების ჭაჭა (ზრდა 104 პროცენტი).
ადგილწარმოშობის დასახელებებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით ექსპორტირებულია „ქინძმარაული“ – 5,7 მლნ ბოთლი, შემდეგ მოდის „მუკუზანი“ – 1,7 მლნ, „წინანდალი“ – 1,4 მლნ, „ახაშენი“ – 638 ათასი, „ხვანჭკარა“ – 282 ათასი, „ტვიში“ – 140 ათასი, „ყვარელი“ – 58 ათასი ბოთლი და ა.შ.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სულ, ღვინის, ბრენდის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 123,7 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 22 პროცენტით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.