ქართული ტრადიციული საეკლესიო გალობის ანთოლოგიის რვატომეული პრინსტონის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საჩუქრად გიორგი დონაძემ გადასცა.
ფოლკლორის ცენტრის დირექტორმა და ანსამბლ „ბასიანის“ ხელმძღვანელმა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას „შენ ხარ ვენახის“ ნოტირებული მასალა და აუდიო ვერსიებიც გადასცა.
უძველესი ქართული საგალობელი წიგნის სახით სპეციალურად ფრანკფურტის ბაზრობისთვის გასულ წელს გამოიცა. რაც შეეხება გალობის ანთოლოგიის რვატომეულს, უნიკალურ გამოცემაში მე-19 და მე-20 საუკუნეებში გამოცემული, თუ ხელნაწერებში დაცული ქართული საგალობლებია თავმოყრილი.
საქართველოს სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი“ აშშ-ში საშემოდგომო ტურნეს ფარგლებში იმყოფება.
პრინსტონის უნივერსიტეტში შესრულდა საგალობლები ანთლოგიიდან და „შენ ხარ ვენახის“ სხვადასხვა ვარიანტი. „ბასიანის“ წევრებმა მასტერკლასიც გამართეს და სტუდენტებს რამდენიმე ქართული საგალობელი და ხალხური სიმღერა შეასწავლეს.
ანსამბლი ამერიკის შეერთებულ შტატებში 10 ნოემბრიდან იმყოფება. ტურნეს ფარგლებში ლინკოლნ-ცენტრში „ბასიანის“ კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა. სოლო კონცერტები გაიმართა ბერკლისა (კალიფორნია) და პრინსტონშიც.