ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები უნივერსიტეტის ავტორიზაციის სემესტრის ბოლომდე გაგრძელებას ითხოვენ
ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები უნივერსიტეტის ავტორიზაციის სემესტრის ბოლომდე გაგრძელებას ითხოვენ

ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები უნივერსიტეტის ავტორიზაციის სემესტრის ბოლომდე გაგრძელებას ითხოვენ. მათი მთავარი მოთხოვნა 26-ე მუხლში რედაქტირების შეტანაა, რომლის თანახმადაც, ავტორიზაცია უნივერსიტეტს სემესტრის ბოლომდე სწავლის გაგრძელების საშუალებას მისცემს.

სტუდენტების თქმით, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ბრძოლას სამართლებრივად გააგრძელებენ.

„მოვითხოვთ, შევიდეს ცვლილება საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის დებულების და საფასურის დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის N99 ბრძანებაში. კერძოდ, დებულების 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 26 გადაწყვეტილება ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ“. ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღება იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს ავტორიზაციის ერთ-ერთ სტანდარტს.​

სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში, სტუდენტების ინტერესების გათვალისწინებით, საბჭოს გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიმდინარე სემესტრის დასრულებისთანავე“,- განაცხადა თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტმა კოკა ჯახუტაშვილმა.

სტუდენტების თქმით, აღნიშნული მოთხოვნა არ ეწინააღმდეგება საქარველოს კონსტიტუციას და თანხვედრაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.

შეგახსნებთ, ქართულ-ევროპულ უმაღლეს სასწავლებელს ავტორიზაცია გაუუქმდა, მიზეზად კი ქართულენოვან პროგრამებზე ჩარიცხული 150-ზე მეტი სტუდენტი დასახელდა, რომელთა უმრავლესობამაც ქართული ენა არ იცის. აღნიშნული მოთხოვნის შესახებ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში სტუდენტები ოფიციალური წერილის შეტანას დღეს გეგმავენ.