ქართულ-ევროპულ უმაღლეს სასწავლებელს ავტორიზაცია გაუუქმდა.
როგორც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში პირველ არხს განუცხადეს, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი სხვა არსებითი ხასიათის დარღვევებთან ერთად ის გახდა, რომ ქართულენოვან პროგრამებზე 200-მდე არაქართულენოვანი სტუდენტი სწავლობდა, რომელთა უმრავლესობამაც არ იცოდა ქართული ენა.
მათი ცნობით, დარღვევები გეგმური მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა. საბჭოს გადაწყვეტილება და სხდომის ოქმი რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება.
აღნიშნულ სასწავლებელში 600-მდე სტუდენტი სწავლობს. პროცედურების მიხედვით, მათთვის რიგგარეშე მობილობა უნდა გამოცხადდეს, რის შედეგადაც სხვა უმაღლეს სასწავლებლებში გადასვლის საშუალება მიეცემათ.
2018 წლის მონაცემებით, საქართველოს 11 უმაღლეს სასწავლებელს უარი ეთქვა ავტორიზაციაზე, გაუუქმდა არსებული ავტორიზაცია ან მიენიჭა პროფესიული სასწავლებლის სტატუსი.