ქარელში უსახურ შენობებს დამცავ ბადეებს ჩამოაფარებენ
ქარელში უსახურ შენობებს დამცავ ბადეებს ჩამოაფარებენ

​ქარელის მუნიციპალიტეტში უსახურ შენობებს სპეციალურ ბადეებს ჩამოაფარებენ. ეს გადაწყვეტილება ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ მიიღო და 3600 ლარის ღირებულების ბადეები უკვე შეიძინა.

დამცავ ბადეებს ძირითადად იმ გზაზე არსებულ შენობებზე ჩამოაფარებენ, სადაც ტურისტები გადაადგილდებიან.

ქარელის მუნიციპალიტეტის მერის ზაზა გულიაშვილის განცხადებით, მერიამ ბადეების ფერიც შეარჩია.

„შევარჩიეთ შენობები, რომელიც ამახინჯებს იერსახეს. ასეთ შენობებს დამცავ ბადეებს ჩამოვაფარებთ. 3600 ლარის ღირებულების მასალა უკვე ნაყიდია. წელს ტურისტების დიდ ნაკადს ველოდებით და ეს გადაწყვეტილებაც სწორედ ამიტომ მივიღეთ“, – აცხადებს ზაზა გულიაშვილი.

ზაზა გულიაშვილის განცხადებით, სახელმწიფო უწყების ბალანსზე არსებული ექვსი შენობა უკვე შერჩეულია. პირველი შენობა, რომელსაც ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე მოძრავი ტურისტები ვეღარ დაინახავენ, რუისის ყოფილი კულტურის სახლია. დამცავი ბადეების მიღმა მოექცევა ასევე აგარაში, ყოფილი ქარხნის შენობა და ძამის ხეობის მიმართულებით, ძველი ამბულატორიის შენობა.