ქარელის მუნიციპალიტეტში ხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ საღოლაშენში სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, ხილის გადამმუშავებელი ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო შეიქმნა.
საწარმოში, ჯამურად, 1 013 000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 405 000 ლარი გრანტია, ხოლო 507 000 ლარი – შეღავათიანი აგროკრედიტი.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა ახალი საწარმო შიდა ქართლის გუბერნატორთან, გიორგი ხოჯევანიშვილთან და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილესთან, გიორგი ჯიბლაძესთან ერთად გახსნა.
საწარმოს დღიურად შეუძლია 10 ტონა ნედლეულის გადამუშავება, რომლისგანაც მზადდება ისეთი პროდუქტები როგორიცაა: ტყლაპი, ჯანჯუხა, ასევე სხვადასხვა სახის ხილფაფა და მურაბა. პროდუქციის რეალიზაცია, ამ ეტაპზე, ადგილობრივ ბაზარზე მოხდება. სამომავლოდ, დაგეგმილია ექსპორტზე გატანაც.
გადამმუშავებელ საწარმოში 29 ადამიანია დასაქმებული. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მხარდაჭერით 2019 წელს, საწარმოში დაგეგმილია სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტის – ISO 22:000 დანერგვა.
აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 180 ახალი საწარმოს შექმნა დაფინანსდა.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.