ქაქუცა ჩოლოყაშვილის ჩოხა საფრანგეთიდან სამშობლოში დააბრუნეს [ფოტო, ვიდეო]
საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველი სამხედრო მოღვაწის ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის ჩოხა საფრანგეთიდან სამშობლოში დააბრუნეს.
საფრანგეთის ქართული სათვისტომოს მმართველმა კომიტეტმა ჩოხა ეროვნულ მუზეუმს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საჩუქრად გადასცა.
ჩოხა წლების მანძილზე გენერალ გიორგი კვინიტაძის (საქართველოს რესპუბლიკის საქართველოს შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი 1918-1921წლებში) შთამომავლებთან ინახებოდა.
„სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმ ემოციას, რასაც დღეს ჩემს მეგობრებთან ერთად საქართველოში ყოფნისას განვიცდი. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის აქ ყოფნა. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ბაბუაჩემი მონაწილეობდა ამ ბრძოლაში. დიდ პატივს ვცემ იმ ფაქტს, რომ ქართველები თავიანთ ისტორიას ასე აფასებენ და ორმაგად შემიყვარდა საქართველო“, – განაცხადა გენერალ გიორგი კვინიტაძის შვილიშვილმა მერაბ ოდიშელიძემ.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია 1918-1921 წლების ისტორიის ამსახველი მნიშვნელოვანი დოკუმენტების დედნები, პირველი რესპუბლიკის სახელმწიფოს, პოლიტიკურ და სამხედრო მოღვაწეთა მემორიალური ნივთები, პერიოდული გამოცემები. ასევე, 14 პოსტერი – ტექსტური, გრაფიკული და ფოტომასალა, საარქივო დოკუმენტების ასლები, და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიასთან დაკავშირებული დოკუმენტური კადრების კოლაჟი.
ექსპოზიციის დათვალიერება ნებისმიერი მსურველისთვის თავისუფალია.