ქანდის ცამეტი ასურელი მამის სახელობის მონასტერში აღდგომას არამეული გალობით შეეგებნენ
ქანდის ცამეტი ასურელი მამის სახელობის მონასტერში სააღდგომო ლიტურგია ჩატარდა. ეს მონასტერი ერთადერთია მსოფლიოში, სადაც ღვთისმსახურება ქართულ და არამეულ ენაზე აღევლინება.
უკვე წლებია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს არამეული წირვა-ლოცვით და საგალობლებით ეგებებიან. საგალობლებს მართლმადიდებელი ასურელების სულიერი მოძღვარი, სქემარქიმანდრიტი სერაფიმე ბით ხარიბი ქმნის.
ლიტურგიაზე დასასწრებად და მამა სერაფიმეს არამეული გალობის მოსასმენად ქანდაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდანაც ჩამოდიან.
ქანდა მცხეთის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და ის ძირითადად, ასურელებით არის დასახლებული. ამჟამად სოფელში 540 ასურელი ოჯახი ცხოვრობს. ოჯახების უმეტესობა შერეულია და ისინი ქართულად და ასურულად საუბრობენ.