„ქალთა მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ქალებსა და მამაკაცებს შორის ხელფასის სხვაობა შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციის ყველაზე ხშირი შემთხვევაა
„ქალთა მოძრაობა“ შრომითი უფლებების თანასწორობას ითხოვს. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გამართულ კონფერენციაზე აღინიშნა. მათი ინფორმაციით, საქართველოში მამაკაცებსა და ქალებს შორის შემოსავლის სხვაობა 36% შეადგენს, ხოლო სახელმწიფოს არ აქვს ხედვა და სტრატეგია ამ პრობლემის გადასაჭრელად. ქალთა მოძრაობის აქტივისტებმა სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან ერთად ისაუბრეს სახელფასო სხვაობის გამომწვევ მიზეზებზე და პრობლემის გადაჭრის გზებზე. ღონისძიების ორგანიზატორთა თქმით, სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს სტრატეგია და იზრუნოს ცნობიერების ამაღლებაზე, რათა გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტები შემცირდეს, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში.
„ხელფასებს შორის სხვაობა შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციის ყველაზე ხშირი და მწვავე შემთხვევაა. წლების განმავლობაში საქართველოში სტატისტიკა არ იცვლება დ ქალებს კაცებთან შედარებით 36%-ით ნაკლები აქვთ ხელფასი. ეს ეხება ეკონომიკის ყველა სექტორს, მათ შორის ისეთს, სადაც ქალები უფრო მეტად არიან დასაქმებულნი. მაგალითად, ჯანდაცვა, განათლება. არსებული კვლევების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხშირად ერთი და იმავე ღირებულების შრომის სანაცვლოდ ქალები იღებენ ნაკლებს, ასევე ესაა გამოწვეული იმითაც, რომ ხელმძღვანელ პოზიციებზე არიან ხოლმე კაცები. ეს არა მხოლოდ კერძო სექტორის არამედ საჯარო სექტორის პრობლემაცაა.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში საუბარია იმაზე რომ საქართველო წლებია, არ ასრულებს შრომის ფუნდამენტურ სტანდარტს თანაბარი შრომისა და თანაბარი ანაზღაურების შესახებ“, – განაცხადა გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენელმა რაისა ლიპარტელიანმა.