საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში აცხადებენ, რომ კარანტინში მყოფი მედპერსონალის ანაზღაურების მხრივ არავითარი პრობლემა არ არსებობს
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში აცხადებენ, რომ კარანტინში მყოფი მედპერსონალის ანაზღაურების მხრივ არავითარი პრობლემა არ არსებობს

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსი ამირან გოგიტიძე კარანტინში მყოფი მედპერსონალის ანაზღაურებასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემების არსებობის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

ამირან გოგიტიძის განმარტებით, ამ მხრივ არავითარი პრობლემა არ არსებობს და ანაზღაურება შეფერხების გარეშე გაიცემა.

„მინდა, განვამარტო, რომ ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ არსებობს. გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს კარანტინში ან თვითიზოლაციაში მოთავსებული პირების ანაზღაურებასთან მიმართებაში არსებობს გარკვეული პრობლემები, არ შეესაბამება სიმართლეს. საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი შეფერხების გარეშე გასცემს ანაზღაურებას“,- განაცხადა ამირან გოგიტიძემ.

რაც შეეხება იმ 22 ადამიანს, რომლებთან დაკავშირებითაც გუშინ იყო საუბარი, ამირან გოგიტიძე აცხადებს, რომ საქმე მხოლოდ პროცედურულ საკითხებს ეხება და ისინი ანაზღაურებას მიიღებენ.

„გუშინ საუბარი იყო გარკვეულ სამედიცინო ჯგუფზე. ეს არის 22 ადამიანი, რომლებსაც ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით განესაზღვრათ დამატებითი ვადა, ნაცვლად ორი კვირისა. ისინი კარანტინში იყვნენ სამი კვირის განმავლობაში და ამ დამატებითი პერიოდის გამო, პროცედურული საკითხების გათვალისწინებით ხდება ანაზღაურება. ამ საკითხის აქტუალურობა არ სცილდება ფართო პროცესურულ საკითხებს და მათი ანაზღაურება მოხდება შეფერხების გარეშე.

22 ადამიანიდან მხოლოდ ცხრას აქვს წარმოდგენილი განაცხადი და დანარჩენებსაც, როგორც კი წარმოადგენენ და მიიღებენ შესაბამის ცნობას, აუნაზღაურდებათ. ანაზღაურება უკვე დაწყებულია და გარკვეულ ჯგუფს უკვე მიღებული აქვთ. ცნობის წარმოდგენისთანავე ანაზღაურების შეუფერხებლად გაცემა მოხდება“,- განაცხადა ამირან გოგიტიძემ.

დატოვე კომენტარი