ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისის ტელეანძა ნარინჯისფრად განათდა
ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა, სატელევიზიო ანძა ნარინჯისფრად კიდევ ერთხელ განათდა.
ამ სიმბოლური ჟესტით საქართველოს დედაქალაქი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას შეუერთდა. ინიციატივა, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა, გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის მიერ, დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, 2016 წლიდან ხორციელდება.
კამპანია 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს დაიწყო და 16 დღეს გაგრძელდება.
როგორც საქართველოში გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლობაში აღნიშნავენ, კამპანიის ოფიციალური ფერი ნარინჯისფერია, ამიტომ მსოფლიოს ქალაქები მის მხარდაჭერას ღირსშესანიშნავი შენობებისა თუ ობიექტების ნარინჯისფრად განათებით გამოხატავენ. ამ დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებშიც სწორედ ნარინჯისფერი დომინირებს.