ქალები უფრო უსაფრთხო მძღოლები არიან, ვიდრე მამაკაცები — ახალი კვლევა
ქალები უკეთესი მძღოლები არიან, ვიდრე მამაკაცები, თანაც გაცილებით უკეთესები, თუკი ამას გზებზე ყოველდღიურად მათი მიზეზით დაღუპულ ადამიანთა რაოდენობის მიხედვით შევაფასებთ. ამის შესახებ ახალი კვლევა იუწყება.
გაერთიანებულ სამეფოში მკვლევრებმა გამოიყენეს სამთავრობო მონაცემთა ბაზა 14 425 ავტოსაგზაო შემთხვევის ფატალური შედეგის შესახებ; ინციდენტები 2005-2015 წლებშია მომხდარი და ჩართულია ერთზე მეტი ავტომანქანა. ავარიებში დამნაშავის გარკვევის გარეშე, მათ დაიანგარიშეს მსუბუქი მანქანების, ფურგონების, სატვირთოების, მოტოციკლებისა და ავტობუსების მძღოლების შეცდომის გამო დაღუპულ ადამიანთა რაოდენობა.
ჟურნალ Injury Prevention-ში გამოქვეყნებულმა ამ კვლევამ დაადგინა, რომ ყოველ გავლილ მილზე, გზებზე სხვათა ჩართულობით, ფატალურ შემთხვევათა უდიდესი წილი მოდიოდა სატვირთოებსა და ავტობუსებზე, მოტოციკლები კი გზებზე სხვებისთვის იმაზე დაახლოებით ორჯერ მეტად სახიფათოა, ვიდრე მსუბუქი მანქანები. სხვა ადამიანებთან მიმართებაში, ფატალურობის ყველაზე დაბალი წილი ველოსიპედებზე მოდიოდა.
აღმოჩნდა, რომ ქალებთან შედარებით, მსუბუქი მანქანებისა და ფურგონების კაც მძღოლებზე ფატალურ ინციდენტთა ორჯერ მაღალი მაჩვენებელი მოდის ყოველ გავლილ მილზე. სატვირთოების კაც მძღოლებში ეს მაჩვენებელი ქალებისაზე ოთხჯერ მაღალია, მოტოციკლების შემთხვევაში კი თითქმის 12-ჯერ. რაც შეეხება ავტობუსისა და ველოსიპედის მძღოლებს, აქ სქესებს შორის განსხვავება მცირე აღმოჩნდა.
„ამ კვლევის ყოვლისმომცველი დეტალი ის არის, რომ ჩვენ შევისწავლეთ ის რისკი, რომელსაც თქვენ სხვებისთვის ფლობთ მანქანის მართვისას. ეს გახლავთ ამ საკითხის ის ასპექტი, რომელსაც ხშირად ყურადღებას არ ვაქცევთ“, — ამბობს კვლევის ავტორი, ლონდონის ვესტმინსტერის უნივერსიტეტის მკვლევარი რეიჩელ ალდრიდი.
კვლევა ჟურნალ Injury Prevention-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია The New York Times-ის მიხედვით.