ქალაქებში, სადაც ჰაერი დაბინძურებულია, ჭექა-ქუხილი გაცილებით ხშირად ხდება — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
ბუნებრივი გარემოს ადამიანის მიერ შეცვლას არსებითი შედეგები აქვს, რომლებიც მყისიერად არ იგრძნობა. მაგალითად, ახალი კვლევის მიხედვით, ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია ჭექა-ქუხილის დროს ელვის სიხშირის ზრდასთან.
ვირჯინიის ჯეიმს მედისონის უნივერსიტეტის მკვლევრებმა დედაქალაქ ვაშინგტონსა და ქალაქ კანზასში ბოლო 12 წლის განმავლობაში მომხდარი 500 000-ზე მეტი ჭექა-ქუხილის მონაცემები შეისწავლეს და დაადგინეს, რომ ჰაერში მეტი წვრილი ნაწილაკის არსებობა (აეროზოლები) ფართოდ არის დაკავშირებული ელვის მაღალ რაოდენობასთან.
კავშირი აეროზოლებსა და ელვას შორის აქამდეც იყო შესწავლილი, მაგრამ ამ საკითხის უკეთესად შეფასებას მეცნიერები დღემდე ცდილობენ, რადგან ამ ყველაფერში ჩართულია მრავალი სხვადასხვა ატმოსფერული ფაქტორი.
„დაბინძურება ღრუბლის ბირთვის სახით მოქმედებს. ის ღრუბელში აღმავალი ნაკადის სახით შედის; ამის შემდეგ, აღმავალი და დაღმავალი ნაკადები დამაბინძურებელ ნაწილაკებს აცალკევებს, რაც ღრუბელში ელექტრულ მუხტებს ყოფს და იწვევს უფრო მეტი ელვის წარმოქმნას“, — ამბობს ჯეიმს მედისონის უნივერსიტეტის გეოგრაფი მეის ბენტლი.
ჯგუფმა გარემოში არსებული PM2.5 (2,5 მიკრომეტრამდე სიგანის ნაწილაკები) და PM10 (10 მიკრომეტრამდე ნაწილაკები) შეისწავლა და ისინი ჭექა-ქუხილის აქტივობას შეადარა. როგორც ჩანს, ამ ნაწილაკთა კონცენტრაციას უფრო მეტი გავლენა აქვს, ვიდრე მათ ზომას.
მიუხედავად იმისა, რომ მეტი ნაწილაკი ზოგადად მეტ ელვას ნიშნავს, მონაცემების თანახმად, დგება მომენტი, როცა ჰაერში ძლიერ ბევრი ნაწილაკი სინამდვილეში ელვის რაოდენობას ამცირებს — ალბათ შტორმს შიგნით ენერგიის დაკარგვის გამო.
ეს გახლავ უზარმაზარი ოდენობის ცვლადების მქონე სცენარები, ასევე მრავალი სხვა ფაქტორით, სადაც როლს ჰაერის ნაკადები და მიწის საფარიც ასრულებს. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კვლევაში გამოკვეთილი კავშირები კომპლექსურია, როგორც ჩანს, ისინი ერთნაირი იყო ორივე შესწავლილ ქალაქში.
„როგორც ჩანს, არ აქვს მნიშვნელობა, სად იქნები მსოფლიოში, ურბანულ ჰაერის დაბინძურებას ჭექა-ქუხილისა და ელვის გაძლიერება შეუძლია“, — ამბობს ბენტლი.
კვლევამ სხვა საინტერესო შედეგებიც დადო: ორივე ქალაქში ჭექა-ქუხილი უფრო ხშირი იყო ხუთშაბათობით. ყველაზე წყნარი დღე ამ მხრივ ვაშინგტონში ორშაბათი იყო, კანზასში კი პარასკევი.
ასევე გამოიკვეთა, რომ როცა ატმოსფეროში ყველაზე მეტი ენერგია იყო, რაზეც გავლენას ახდენს ტემპერატურა და ტენიანობაც — მაშინ ჰაერის დაბინძურებას ყველაზე დიდი გავლენა ჰქონდა ელვის რაოდენობაზე.
ეს ყველაფერი დიდ წარმოდგენას გვიქმნის იმის შესახებ, როგორ შეიძლება ჰაერის დაბინძურებაში რყევებმა გავლენა იქონიოს მეტეოროლოგიურ მახასიათებლებზე. ამის შემდეგ, მკვლევრებს ამ კავშირის შესწავლა მსოფლიოს სხვა ნაწილებშიც სურთ; ასევე გეგმავენ სხვა საზომთა გამოყენებას, რათა დაადგინონ, რამხელა ეფექტი აქვს აეროზოლებს.
კვლევა Atmospheric Research-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ისა და phys.org-ის მიხედვით.