ქალაქებისა და კურორტების განვითარების ახალი სახელმწიფო პროგრამა იწყება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქებისა და კურორტების განვითარების ახალ სახელმწიფო პროგრამას იწყებს. აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით ფონდმა ღია კარის დღე გამართა.
ახალი პროგრამა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ხორციელდება და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი მილიარდი ლარი მოხმარდება.
პროგრამა ხუთწლიანია, რომლის პირველ ეტაპზეც შერჩეულია 11 მდებარეობა: ბორჯომი, ბაკურიანი, ქუთაისი, წყალტუბო, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, მცხეთა, სტეფანწმინდა, მესტია და ყაზბეგი.
პროგრამის ფარგლებში განახლდება ბორჯომის ისტორიული ნაწილი და ცენტრალური პარკი; განვითარდება წყალტუბოს ცენტრალური პარკი და ცივი ტბის ახალი რეკრეაცია; მოეწყობა ზუგდიდის ახალი ბულვარი; განახლდება ქუთაისის ისტორიული არეალი, ბოტანიკური ბაღი და კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრს; თელავში განვითარდება ბატონის ციხე და მისი მიმდებარე არეალი, ასევე კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრს; განახლდება ბათუმის ისტორიული ნაწილი და განვითარდება რეკრეაცია. პროგრამა ითვალისწინებს ყაზბეგის, ბაკურიანისა და მესტიის მუნიციპალიტეტების ისტორიული არეალების განახლებასა და ახალი მიზიდულობის ცენტრების შექმნასაც.
ღია კარის დღეზე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით ტაბიძემ სამშენებლო კომპანიებს ახალი პროგრამის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა. პროგრამისა და გამოსაცხადებელი ტენდერების დეტალების, მათ შორის, პროცედურების ხელმისაწვდომობა შესაძლებლობას მისცემს დაინტერესებულ კომპანიებს, დროულად და უკეთესად მოემზადონ ტენდერებისთვის. კომპანიების აქტიური ჩართულობა და კონკურენცია კი მნიშვნელოვანია პროგრამის ეფექტიანი განხორციელებისათვის.