ქალაქ ბორდოში, ერთ-ერთ საწყობში ხანძრისას ფრანგული ღვინის ორი მილიონი ბოთლი განადგურდა
საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში, ერთ-ერთ საწყობში ხანძრის შედეგად ფრანგული ღვინის ორი მილიონი ბოთლი განადგურდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია „ფოქს ნიუსი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, ხანძარი18 აპრილს ღვინის მწარმოებელი კომპანიის „სავექს გრანდ შატოს“ (Sovex Grands Châteaux) საწყობში გაჩნდა. ცეცხლი 1500 კვადრატული მეტრის ფართობზე გავრცელდა. ხანძრის დაწყების მომენტში, საწყობის ტერიტორიაზე 80-მდე ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანმა საწყობის დროულად დატოვება შეძლო.
როგორც „ფოქს ნიუსი“ ავრცელებს, ცეცხლი, სავარაუდოდ შეკიდულ ჭერში გაჩნდა, რომელიც ჩამოინგრა. ხანძარს 60 მეხანძრე 15 საათის განმავლობაში აქრობდა.
წინასწარი მონაცემებით, ზარალი 12 მილიონ ევროს აღემატება.