ქაბულში მყოფი საქართველოს მოქალაქე - ამ წუთისთვის უსაფრთხოდ ვართ, გვქონდა მოლაპარაკებები საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ყველაფერს აკეთებენ ჩვენს ჩამოსაყვანად
ქაბულში მყოფი საქართველოს მოქალაქე - ამ წუთისთვის უსაფრთხოდ ვართ, გვქონდა მოლაპარაკებები საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ყველაფერს აკეთებენ ჩვენს ჩამოსაყვანად

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მყოფი საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე, ყოფილი სამხედრო მარადი ბერიძე საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ამჟამად უსაფრთხოდ არიან და საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველაფერს აკეთებს.

მისივე თქმით, ქალაქში სრული ქაოსია, ხდება ძარცვა და ყაჩაღობა, ბაზის მთავარ შესასვლელთან კი თალიბები დგანან.

„ამ წუთას ვიმყოფებით ქაბულში. რაც შეეხება უსაფრთხოებას, ამ წუთისთვის უსაფრთხოდ ვართ. გვქონდა მოლაპარაკებები საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ყველაფერს აკეთებენ, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა ვუთხრა. გარეთ, ბაზის მთავარ შემოსასვლელში არიან თალიბები, რომლებიც გვეუბნებიან, რომ გვიცავენ, რადგან ქალაქში სრული ქაოსია. არის პატარა დაჯგუფებები, რომლებიც ძარცვავენ, აყაჩაღებენ, იპარავენ.

თალიბები გვეუბნებიან, რომ ხელს არ გვახლებენ, სიტყვით გვეუბნებიან, მაგრამ გარანტია რავიცი, თალიბები არიან საბოლოო ჯამში. ველოდებით თურქულ მხარეს, თურქული ჯარი აკონტროლებს აეროპორტს. საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ჰქონდათ მოლაპარაკება და დაგვპირდნენ, უნდა გაგვიყვანონ ჯავშანიანი მანქანით, თუმცა ზუსტად არ ვიცით, როდის მოვლენ“, – განაცხადა მარადი ბერიძემ.

მისი ინფორმაციით, საერთო ჯამში ქაბულში 22 ქართველი იმყოფება.

„16 არის ამ ბაზაზე, დანარჩენები – სხვა ბაზაზე. აქ მყოფი ყველა ქართველის გაყვანაზეა საუბარი. თურქები რომ მოვლენ, უშუალოდ ჩვენ გაგვიყვანენ, მოლაპარაკება 22 კაცზეა -16 ამ ბაზაზეა და დანარჩენები ინდივიდუალურად შემოვლენ, აეროპორტთან ახლოს არიან“, – ამბობს მარადი ბერიძე.

ამასთან, მარადი ბერიძე განმარტავს, თუ რატომ ვერ  მოახერხეს საქართველოს მოქალაქეებმა გასული ღამის განმავლობაში ქაბულის აეროპორტამდე მისვლა.

„იყო სამი ვარიანტი ღამის განმავლობაში, მაგრამ გარეთ გასვლა არ ღირდა, სიკვდილზე ხელის მოწერას ნიშნავდა. ამიტომ ბიჭებმა ერთიანად გადავწყვიტეთ, რომ დავრჩენილიყავით. საგარეო საქმეთა სამინისტროს დავურეკეთ და ვუთხარით, თუ იყო შესაძლებლობა, დაკავშირებოდნენ თურქულ მხარეს, მათ, ვინც  იმყოფება ავღანეთში ჯავშანმანქანების ესკორტირებაზე და ახლა ველოდებით“, – განაცხადა მარადი ბერიძემ.

ავღანეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები კერძო სექტორში მუშაობენ. ოფიციალური ინფორმაციით, 17 მოქალაქე  დასაქმებულია კანადურ, ექვსი კი – ამერიკულ კომპანიაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ავღანეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში გამომგზავრების საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი მუდმივ კონტაქტზეა თურქ კოლეგა მევლუთ ჩავუშოღლუსთან.

როგორც ცნობილია, სწორედ თურქეთის დახმარებით უნდა მოხდეს საქართველოს მოქალაქეების დასაქმების პუნქტიდან აეროპორტამდე მიყვანა.

ამასთან, უწყებაში განმარტევნ, რომ გუშინ საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით მოლაპარაკებას აწარმოებდა პარტნიორ ქვეყნებთან და ორგანიზაციებთან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანის მიზნით, უკრაინული მხარე მზად იყო მოქალაქეების ტრანსპორტირებისთვის, თუმცა ავღანეთში არსებული უსაფრთხოების რთული ვითარების გამო, საქართველოს მოქალაქეებმა ქაბულის აეროპორტამდე მისვლა ვერ მოახერხეს.