ქაბულში დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. „რეიტერის“ ინფორმაციით, აფეთქების შემდეგ 20 ადამიანია დაშავებული.
დანაღმული ავტომობილი ქაბულის ცენტრში, სამთავრობო უწყებებისა და უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების შენობების მახლობლად აფეთქდა. თვითმხილველების განცხადებით, თავდასხმა სავარაუდოდ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაქირავებული უცხოელი ექსპერტების წინააღმდეგ იყო მიმართული, რადგანაც დაინახეს, რომ ასაფეთქებლებით დატვირთული ავტომობილი ექსპერტების ავტოკოლონის მიმართულებით მოძრაობდა. აფეთქების ტალღამ შენობებში მინები 100 მეტრის მოშორებითაც ჩაამსხვრია.
ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ სამიზნე ავტომობილები კანადურ უსაფრთხოების კომპანიას ეკუთვნოდა და აფეთქების შედეგად მისი ოთხი თანამშრომელი დაშავდა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არცერთ სამხედრო დაჯგუფებას არ აუღია.