პროკურორი - სასამართლომ გაიზიარა პოზიცია, რომ არსებობს გიორგი რურუას მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე
იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში ბრალდებული გიორგი რურუას საქმის პროკურორის, ვასილ სამხარაძის თქმით, ბრალდების მტკიცებულებათა ერთობლიობით გიორგი რურუას მიმართ წარდგენილი ბრალდება დასტურდება.
როგორც პროკურორმა სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სასამართლომ გაიზიარა ბრალდების პოზიცია, რომ არსებობს გიორგი რურუას მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.
„დღეს დასრულდა გიორგი რურუას საქმეზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა. დაიკითხა 34 მოწმე, გამოკვლეულია სამი ობიექტის ვიდეო ჩანაწერები, ასევე გამოკვლეულია წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები, რომელიც არის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, რურუას ნერწყვის ნიმუში, ასევე მისი ტანსაცმელი. ამ მტკიცებულებათა ერთობლიობით ბრალდების მხარე თვლის, რომ ნამდვილად დაადასტურა წარდგენილი ბრალდება. ასევე, დღეს იმსჯელა სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობაზე აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე. ბრალდების მხარე არ დაეთანხმა ამ გარემოებას და მიუთითა, რომ არსებობს მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, სასამართლომ გაიზიარა ეს არგუმენტები“, – განაცხადა საქმის პროკურორმა, ვასილ სამხარაძემ.
გიორგი რურუას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის შეფასებით, დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას სასამართლოსთან საერთო არ აქვს.
„რეალურად გიორგი რურუა პატიმრობაში იმყოფება მხოლოდ პროკურატურის შაბლონური ფრაზებით და ეს შაბლონური ფრაზები ყოველთვის უაპელაციოდ არის გაზიარებული მოსამართლის მიერ. ცხადია, რომ მოსამართლე არ უნდა ისროდეს აბსტრაქტულ, უშინაარსო ფრაზებს, რომ მიიმალება, ჩაიდენს ახალ დანაშაულს, არამედ კონკრეტულ გარემოებებზე უნდა მიუთითებდეს, თუ საიდან გამომდინარეობს ეს რისკი. ცხადია, რომ ვერ მიუთითებენ ამ გარემოებებს, რადგან ასეთი ბუნებაში არ არსებობს. აღარ არსებობდა აღარანაირი საფუძველი გიორგი რურუას პატიმრობაში დატოვების, რადგან თუ აქამდე თეორიულად მხარე ასაბუთებდა, რომ პატიმრობაში უნდა ყოფილიყო გიორგი რურუა თურმე იმიტომ, რომ მას შეიძლება ზეწოლა მოეხდინა მოწმეებზე, ახლა ყველა მოწმე დაკითხულია და ფიზიკურად ვერავისზე ზეწოლას ვერ მოახდენდა გიორგი რურუა. რაც შეეხება პროცესის ზოგად შეფასებას, ცხადია, რომ ამას არანაირი საერთო არა აქვს სამართალთან და სასამართლოსთან. ესაა გარკვეულწილად საცირკო წარმოდგენა, სადაც მხარეები გარკვეულწილად ვთამაშობთ, რომ ჩვენ ვართ ადვოკატები, ვიღაცები არიან პროკურორები და ვიღაცები არიან თითქოს მოსამართლეები, რომლებიც თითქოს მიიღებენ დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ გადაწყვეტილებას. ამ საქმის განხილვის ბოლო დღეს პროკურორი რომ ადგეს და თქვას, რომ ამ მტკიცებულებებზე დაყრდნობით რურუას კი არა დიტო საძაგლიშვილს ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღიო, დარწმუნებული ვარ, მოსამართლე ბუგიანიშვილი უაპელაციოდ გაიზიარებს ამას და ამ საქმის ფარგლებში მეც კი მომისჯის დაახლოებით შვიდ წელს. არანაირი მოლოდინი არ მაქვს, რომ ბუგიანიშვილი მიიღებს მიუკერძოებელ გადაწყვეტილებას. შესაძლებელია, პოლიტიკურ ხელმძღვანელობას განეჭვრიტა, თუ რამდენად დამაზიანებელია ქვეყნისთვის პოლიტიკური პატიმრების ყოლა, მაგრამ როგორც ჩანს, ვერც ამის გაანალიზება ვერ მოხდა და შესაბამისად, არ იქნა მითითება გაცემული, რომ მოსამართლეს მიეღო სამართლიანი გადაწყვეტილება“, – განაცხადა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში ბრალდებული გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა.