ადვოკატის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა და მკურნალობა გააგრძელა
ადვოკატის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა და მკურნალობა გააგრძელა

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა პროტესტი შეწყვიტა, რადგან მისთვის გუშინ დაწესებული შეზღუდვები გაუქმდა და პროტესტის ფორმა ამოწურულია.

როგორც დიმიტრი საძაგლიშვილმა აღნიშნა, გუშინდელი ინციდენტი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილებაზე პენიტენციური სამსახურის რეაქცია.

„ბუნებრივია, რომ იუსტიციის სამინისტრო გაბრაზდა და სწორად გაბრაზდა, რადგან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა რვა დარღვევა დაადგინა მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში, ამ გადაწყვეტილებაში მხოლოდ პირადი ინფორმაციის გავრცელებაზე კი არ არის საუბარი, საუბარია იმაზე, რომ ხშირად არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებაც კი ხდებოდა. ამის შემდეგ, გლდანის სამკურნალო დაწესებულებიდან ის ადამიანები, რომლებიც მონაწილეობდნენ მიხეილ სააკშვილის მიმართ არაადამიანურ და წამებასთან გათანაბრებულ მოპყრობაში, გამოცხადდნენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში. მას შემდეგ, რაც დაიგულეს მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი, გასული შენობიდან, შევიდნენ მასთან ოთახში. აქვე ხაზგასმით გვსურს დავაფიქსიროთ, რომ ჩვენ მადლობას ვუხდით მკურნალ ექიმს, ნინო გოგორიშვილს და სამედიცინო პერსონალს სრულად, მათთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზიები არ გვაქვს და პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებიც ზუსტად მაშინ შევიდნენ, როცა ეს ადამიანები არ იმყოფებოდნენ იქ და განუცხადეს, რომ დისციპლინური წარმოების შედეგად, გამოტანილი იყო გადაწყვეტილება – მას არ ექნებოდა შესაძლებლობა, მიეღო ვიზიტორები და შეეზღუდებოდა ტელეფონით სარგებლობის უფლება, ასევე ვერ ისარგებლებდა ტელევიზორით. ამაზე მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა ძალიან მძაფრი რეაქცია და ამ ადამიანებს უბრალოდ დაატოვებინა პალატა, ამის გამო, არც დოკუმენტის დატოვება არ მომხდარა“, – განაცხადა საძაგლიშვილმა.

​მისივე თქმით, პალატის დატოვების შემდეგ, დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში ტელევიზორი გაუთიშეს საქართველოს მესამე პრეზიდენტს, ტელევიზორი ფიზიკურად არ გაუტანიათ, მაგრამ გათიშეს სიგნალი და შესაბამისად, ის ამ სიგნალს ვერ იღებდა.

„მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა მძაფრი, სამართლიანი პროტესტი და ამის შემდეგ მას აღუდგა სიგნალი. გუშინ მოხდა ეს და დღესაც აღდგენილი აქვს შესაძლებლობა, რომ უყუროს ტელევიზორს. რეალურად ვნახეთ, რომ პენიტენციურმა სამსახურმა უკან დაიხია მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა დააფიქსირა მძაფრი პროტესტი. პროტესტის ის ფორმა, რომელიც გუშინ იყო გაჟღერებული, სწორედ იმის გამო, რომ მისთვის შეზღუდვები ამოქმედდა, ხოლო მას შემდეგ, რაც ეს შეზღუდვები, ფაქტობრივად გაუქმდა და უკან დაიხია პენიტენციურმა სამსახურმა, ბუნებრივია, რომ პროტესტის ეს ფორმა არის ამოწურული“, – განაცხადა ადვოკატმა.

მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქის“ გვერდზე გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი წყვეტდა ყველანაირ სამედიცინო მკურნალობას. „ვწყვეტ ყველანაირ სამედიცინო მკურნალობას, ვიდრე არ შეასრულებენ სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებებს, არ გააუქმებენ ე.წ. დისციპლინურ ზომებს და არ განაახლებენ მნახველების ნორმალურ დაშვებას“, – აღნიშნული იყო სააკაშვილის განცხადებაში.