დიმიტრი საძაგლიშვილი - ჩვენი მიზანია სააკაშვილის გათავისუფლება და ყველა კანონიერი გზა არის მისაღები, რაც გამარჯვებამდე მიგვიყვანს
დიმიტრი საძაგლიშვილი - ჩვენი მიზანია სააკაშვილის გათავისუფლება და ყველა კანონიერი გზა არის მისაღები, რაც გამარჯვებამდე მიგვიყვანს

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის სახარბიელო.

„მას უჭირს საკვების მიღება, რის გამოც სტაბილურად კარგავს წონას. აქვს ნევროლოგიური პრობლემები, რაც გავლენას ახდენს გადაადგილებაზე. ჩვენ ვნახეთ სახალხო დამცველის და ცენტრ „ემპათიის“ დასკვნები. ის მნიშვნელოვანწილად არის ერთნაირი. განსხვავებები არის მხოლოდ ცალკეულ მედიკამენტებთან მიმართებაში. თუმცა, ორივე დასკვნა საუბრობს მისი ჯანმრთელობის პრობლემებზე და ორივე ეს დასკვნა უთითებს, რომ არ უტარდება სათანადო მკურნალობა ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად გორის სამხედრო ჰოსპიტალში, მიუხედავად იმისა, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალის ექიმები არ იშურებენ ძალისხმევას“, – აღნიშნა ადვოკატმა.

საძაგლიშვილის თქმით, მომავალ სასამართლო პროცესზე დასწრებას რაც შეეხება, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ კონკრეტულ სიტუაციაში როგორ იგრძნობს თავს სააკაშვილი.

„მისი სურვილია, ნებისმიერ პროცესში მიიღოს მონაწილეობა, თუ მიეცემა ჯანმრთელობის კუთხით მას ამის შესაძლებლობა“, – განაცხადა ადვოკატმა.

ადვოკატი აღნიშნავს, რომ მათი მიზანია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება.

„ბევრი გზა შეიძლება, არსებობდეს და რაც მიგვიყვანს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებამდე, ანუ გამარჯვებამდე, ბუნებრივია არის მისაღები. ცხადია, იგულისხმება ყველა ის საშუალება, რაც დემოკრატიულ სახელმწიფოში, თუნდაც მშვიდობიანი პროტესტის შედეგად შეიძლება იქნეს მიღწეული“, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ადვოკატმა მედიასთან საუბრისას ასევე განაცხადა, რომ ოჯახის პოზიციისგან განსხვავებულია მიხეილ სააკაშვილის მოსაზრება და ის არ განიხილავს საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასვლას.