პროკურორი - მამუკა ხაზარაძემ წარმოადგინა ჩვეულებრივ ფურცელზე დაბეჭდილი ტექსტი, რომლის შედგენაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ გამოკითხვისას წარმოადგინა ჩვეულებრივ ფურცელზე დაბეჭდილი ტექსტი, რომლის შედგენაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, – ამის შესახებ პროკურორმა, არჩილ ტყეშელაშვილმა განაცხადა.
პროკურორის თქმით, ხაზარაძე ამბობს, რომ წერილი შუამავალმა მიაწოდა, რომლის ვინაობასაც არ ასახელებს.
„აღნიშნულ ფურცელზე არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ იყო. როგორც მამუკა ხაზარაძემ განმარტა, ეს წერილი მას მიაწოდა შუამავალმა. მას გააჩნია ვალდებულება, დაასახელოს შუამავლის ვინაობა. ჩვენთვის გაუგებარი მიზეზის გამო, შუამავალს არ ასახელებს”, – განაცხადა პროკურორმა.
მისი თქმით, პროკურატურას აღნიშნული წერილი ჯერ არ გადასცემია.
ამასთან, ტყეშელაშვილის განცხადებით, წერილის წარმომავლობის დასადგენად ყველა საგამოძიებო მოქმედება ჩატარდება.
კითხვაზე, დაიბარებენ თუ არა შინაგან საქმეთა მინისტრს გამოკითხვაზე, რომლისგანაც ხაზარაძის მტკიცებით, მუქარის წერილი მიიღო, პროკურორი ამბობს, რომ საგამოძიებო მოქმედებები წერილის მიღების შემდეგ დაიგეგმება.
„როდესაც პროკურატურას წერილი გადაეცემა, ამის შემდეგ დაიგეგმება საგამოძიებო მოქმედებები, რაც წერილის წარმომავლობის დასადგენად გახდება საჭირო“, – განაცხადა პროკურორმა.
ამასთან, როგორც საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის შემდეგ მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, გამოკითხვაზე წერილის ასლი წარადგინა და ორიგინალი ლონდონში ექსპერტიზაზეა გაგზავნილი.
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გუშინ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან მუქარის წერილი მიიღო. მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, რომ წერილი შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან იყო.