პროკურორი - გირგვლიანის საქმე უნდა იყოს პრევენციული მაგალითი, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია
სანდრო გირგვლიანის საქმე უნდა იყოს პრევენციული მაგალითი, რომ მიუხედავად იმისა, ვის რა თანამდებობა უკავია, კანონის წინაშე ყველა თანასწორია, – ამის შესახებ სანდრო გირგვლიანის საქმის პროკურორმა ირაკლი ნადარეიშვილმა გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ განაცხადა.
„საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების მიხედვით, ბრალდების მხარეს გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი ჰქონდა.
ამ საქმეს აქვს ორი მხარე, ერთი ადამიანური და, სამწუხაროა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ცნეს დამნაშავედ. არის მეორე სამართლებრივი მხარე და ეს საქმე უნდა იქცეს ერთგვარ პრევენციად, რომ მიუხედავად იმისა, ვის რა თანამდებობა უკავია, კანონის წინაშე ყველა თანასწორია და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის, კანონის შესაბამისად, ყველა პირი პასუხისგებაში მიეცემა.
შეწყალების უფლება არ არის აბსოლუტური. პრეზიდენტი მსჯავრდებული გახდა არა შეწყალების, არამედ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამო, ეს არის ორი აბსოლუტურად სხვადასხვა ცნება“, – განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.
გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის დამნაშავედ ცნეს და სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.