საქართველოს მთავარი პროკურატურის რეფორმაზე იმსჯელებენ დღეს კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მიერ ორგანიზებულ ფორუმზე.
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე გახსნიან.
პროკურატურის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მსჯელობა გუშინ პარლამენტში გაიმართა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან არსებულ სამუშაო ჯგუფში სამოქალაქო სექტორის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებები განიხილეს.
რიგით მეორე სამუშაო შეხვედრაზე აზრთა სხვადასხვაობა საპროკურორო საბჭოს შემადგენლობის საკითხმა გამოიწვია. საკანონმდებლო წინადადების ავტორები მიიჩნევენ, რომ საპროკურორო საბჭოში პროკურორები მხოლოდ ერთი მესამედით უნდა იყვნენ წარმოდგენილები და უნდა მოხდეს საბჭოს სრული დეპოლიტიზაცია.
საბჭოში პროკურორების რაოდენობის შემცირებას არ ეთანხმებიან მმართველ გუნდში. ანალოგიური პოზიცია აქვთ პროკურატურის წარმომადგენლებს. მათი განცხადებით, წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების ეს და სხვა ნაწილები ვენეციის კომისიის მოსაზრებებთან თანხვედრაში არ არის. თუმცა, შეხვედრის მონაწილეების განმარტებით, დისკუსია აღნიშნულ თემაზე კვლავ გაგრძელდება. ამ საკითხზე სასაუბროდ სამუშაო ჯგუფი აგვისტოში შეიკრიბება.
„პროკურატურის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე მსჯელობა პარლამენტში სექტემბრიდან დაიწყება.
კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ მიერ ორგანიზებული ფორუმი, სახელწოდებით – „პროკურატურის რეფორმა 2017 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების კონტექსტში“ სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ 09:30 საათზე დაიწყება.