პროკურატურის ინფორმაციით, თამთა თოდაძის დაზარალებულად ცნობის საკითხი ექსპერტიზის დასკვნებისა და მტკიცებულებების შეფასების შემდეგ გადაწყდება
თამთა თოდაძის მიმართ სავარაუდო სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების მიერ დანიშნულია სამი ექსპერტიზა, რომელთაგან დასკვნა ჯერ არც ერთზე არ არის მიღებული, – ამის შესახებ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ კითხვაზე, რომელიც თამთა თოდაძის დაზარალებულად ცნობას ეხება.
უწყების ინფორმაციით, სწორედ ექსპერტიზის დასკვნების სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში შეფასების შემდეგ მიიღება კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება.
თბილისის საკრებულოს დეპუტატს, ისნის მაჟორიტარ ილია ჯიშკარიანს მისი თანაშემწე, თამთა თოდაძე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს: 126-მუხლი – ძალადობა, 138-ე მუხლი – სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება და 187-ე – ნივთის დაზიანება ან განადგურება. როგორც უწყებაში განმარტავენ, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ტარდება აქტიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით.