შსს-ში აცხადებენ, რომ საკრებულოს დეპუტატის მიერ სავარაუდო სექსუალური და ფიზიკური ძალადობის საქმეზე შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის საკრებულოს დეპუტატის მიერ სავარაუდო სექსუალური და ფიზიკური ძალადობის საქმეზე ჩატარდა ყველა შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება.
როგორც უწყებაში აცხადებენ, მოწმის სახით გამოიკითხნენ საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები, დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა.
„112-ში შეტყობინების შესვლის შემდეგ, სამართალდამცველები გამოცხადდნენ მითითებულ მისამართზე. თავდაპირველად მოხდა ზარის ინიციატორთან და მის დედასთან გასაუბრება. შემდგომ ისინი გადაყვანილი იქნენ პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის მიზნით.
მოცემულ სსს-ზე ჩატარდა ყველა შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება კერძოდ, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, მოწმის სახით გამოიკითხნენ საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები, დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა. ტარდება აქტიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები სსს-ზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით“,- აცხადებენ შსს-ში.
საკრებულოს დეპუტატს, ისნის მაჟორიტარ ილია ჯიშკარიანს მისი თანაშემწე, თამთა თოდაძე ძალადობაში ადანაშაულებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს: 126-მუხლი – ძალადობა, 138-ე მუხლი – სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება და 187-ე – ნივთის დაზიანება ან განადგურება.