პროკურატურა - მოსწავლეებს შორის დაპირისპირების მიზეზი პნევმატური იარაღი გახდა
მთავარი პროკურატურა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დეტალებს ასაჯაროებს.
როგორც მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დაპირისპირება მოზარდებს შორის N51-ე საჯარო სკოლაში, შესვენებაზე დაიწყო.
საგამოძიებო უწყების ცნობით, ინციდენტი გაკვეთილების დასრულების შემდეგ, ხორავას ქუჩაზე გაგრძელდა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს, დილის საათებში, ქ.თბილისის N51-ე საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეებს თ.ჩ.-ს და ა.ს-ს გაკვეთილებს შორის არსებულ შესვენებაზე, საპირფარეშოში ექვსი უფროსკლასელი დახვდათ, რომელთაგან ერთ-ერთმა მათ პნევმატური იარაღი მიუშვირა, რასაც ამ უკანასკნელების უკმაყოფილება მოჰყვა, რაც გადაიზარდა სიტყვიერ დაპირისპირებაში. ერთ-ერთმა უფროსკლასელმა მათ უთხრა, რომ გაკვეთილების შემდეგ ორივეს სკოლის გარეთ შეხვდებოდნენ.
მომხდარიდან მალევე ა.ს.-მ, ვინაიდან მასთან კონფლიქტში მყოფები იყვნენ მასზე ასაკით უფროსები, დახმარებისთვის არასრულწლოვან ნათესავს – მ.კ.-ს დაურეკა და მომხდარის შესახებ უამბო.
იმავე დღეს, დაახლოებით 14:00 საათზე, მ.კ. მეგობრებთან ერთად N51-ე საჯარო სკოლასთან მივიდა, სადაც მათ ა.ს. და თ.ჩ. შეუერთდნენ. სკოლასთან ასევე შეკრებილები იყვნენ თ.ჩ.-სთან და ა.ს-სთან დაპირისპირებული მეთერთმეტე კლასელები და მათი თხუთმეტამდე მხარდამჭერი.
ვითარების გასარკვევად ახალგაზრდებმა ა.ხორავას ქუჩაზე არსებულ ერთ-ერთი კორპუსის ეზოში გადაინაცვლეს. მოზარდებს შორის საუბარი სიტყვიერ შელაპარაკებაში გადაიზარდა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ჩხუბის დროს ერთ-ერთმა მონაწილემ გ.ჯ.-მ, რომელსაც გაცნობიერებული ჰქონდა, რომ კონფლიქტის მონაწილეები არასრულწლოვნები იყვნენ, დანით განზრახ მოკვლის მიზნით, არასრულწლოვან დ.ს.-ს მრავალრიცხოვანი ნაკვეთი ჭრილობა მიაყენა, ხოლო გ.ბ.-მ ასევე დანით განზრახ მოკვლის მიზნით, წინასწარი შეცნობით არასრულწოვან ლ.დ.-ს ორი ნაკვეთი ჭრილობა ფეხისა და გულმკერდის არეში მიაყენა, შემდეგ კი ორივე ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მიყენებული ჭრილობების შედეგად ლ.დ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო დ.ს. მეორე დღეს საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების მიუხედავად გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა არასრულწლოვანი გ.ბ 2017 წლის 2 დეკემბერს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება 2017 წლის 3 დეკემბერს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა“,- აღნიშნულია განცხადებაში.
პროკურატურის ცნობით, არასრულწლოვან გ.ჯ.-ს მიმართ იმავე კვალიფიკაციით გამოტანილია დადგენილება ბრალდების შესახებ და მიმდინარეობს ბრალის წარდგენის შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები.
„ვინაიდან იგი ემალება გამოძიებას, მისი დაკავების მიზნით მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები. პროკურატურა ორივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით მოითხოვს პატიმრობის გამოყენებას.
იმ შემთხვევაში, თუ მანამდე ვერ მოხერხდება არასრულწლოვან გ.ჯ.-ს დაკავება, მის მიმართ გამოცხადდება ძებნა. ბრალდებულებისთვის ბრალად შერაცხული შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი დასტურდება ინციდენტში მონაწილე არაერთი მოწმის ჩვენებით, ასევე ნივთიერი მტკიცებულებებით, მათ შორის მკვლელობების იარაღებით, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. კერძოდ, დ.ს.-ს მკვლელობის იარაღი დანა ამოღებულია შემთხვევის ადგილიდან, ხოლო ლ.დ.-ს მკვლელობის იარაღი ასევე დანა გამოძიებას წარმოუდგინა ინციდენტში მონაწილე მოწმემ, რომელსაც გადამალვის მიზნით გადასცა დაკავებულმა ბრალდებულმა გ.ბ-მ.
საქმეზე გრძელდება გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე გამოძებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტი“,- აღნიშნულია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.