პროკურატურა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიებად გირაოს სახით თითოეულისთვის მილიონი ლარის შეფარდებას ითხოვს 
პროკურატურა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიებად გირაოს სახით თითოეულისთვის მილიონი ლარის შეფარდებას ითხოვს 

პროკურატურა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით თითოეულისთვის ერთი მილიონი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვს.

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ხაზარაძისა და ჯაფარიძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ განუცხადა.

მისი თქმით, თუ რა საპასუხო შუამდგომლობა ექნება დაცვის მხარეს, ამის შესახებ ადვოკატი აცხადებს, რომ ეს ხაზარაძესა და ჯაფარიძესთან კონსულტაციის შემდეგ გახდება ცნობილი.

ზვიად კორძაძე უახლოეს დროში შეხვდება მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს.

ხაზარაძისა და ჯაფარიძის აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა დღეს, 16:00 საათზე გაიმართება.

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს  წარედგინათ ბრალი, ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.