პროკურატურა ლევან ჯიბღაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიებად გირაოს მოთხოვნის შესახებ განმარტებას აკეთებს
როდესაც პირს წარდგენილი აქვს ბრალდება სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი, მეორე ან მესამე ნაწილით, არ არის ნასამართლევი, აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და სახეზე არ არის ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანი, პროკურატურა სასამართლოს წინაშე შუამდგომლობს არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით, – ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს პროკურატურა განმარტავს დადგენილ პრაქტიკას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით.
როდესაც პირს წარდგენილი აქვს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი, მეორე ან მესამე ნაწილით, არ არის ნასამართლევი, აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და სახეზე არ არის ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანი, პროკურატურა, დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, სასამართლოს წინაშე შუამდგომლობს არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით. აღნიშნული პრაქტიკა, პროკურატურის მიერ გამოიყენება ყველა იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებული პირი აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს.
რაც შეეხება ნარკოტიკული საშუალების შეძენას, შენახვას და გასაღებას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეოთხე, მეხუთე ან მეექვსე ნაწილს, როდესაც საქმეში მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტი ან პირს აღმოაჩნდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, საქართველოს პროკურატურა, ასევე დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, სასამართლოს წინაშე შუამდგომლობს საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით“, – ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.
ბიზნესმენი და მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი გირაოს სანაცვლოდ სასამართლომ გუშინ გაათავისუფლა. პროკურატურამ ჯიბღაშვილისთვის გირაოს სახით 15 ათასი ლარის გირაოს შეფარდება მოითხოვა, სასამართლომ კი მას 10-ათასიანი გირაო შეუფარდა. ლევან ჯიბღაშვილი ნარკოდანაშაულის ბრალდებით 22 აპრილს დააკავეს. ლევან ჯიბღაშვილს ბრალი ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით უკანონო შეძენა-შენახვისთვის წარედგინა. როგორც საქართველოს პირველ არხს გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, ჯიბღაშვილს ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაული.