ფიზიკური დაპირისპირების ინიციატორი იყო გიგი უგულავა, რასაც მტკიცებულებები ადასტურებს, – ამის შესახებ აეროპორტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, საქმის პროკურორმა გიორგი ქობულაძემ სასამართლო სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
როგორც პროკურორმა აღნიშნა, გამოძიება გიგი უგულავასათვის ხუთი ათას ლარიან გირაოს ითხოვს.
„საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით, რაც ძირითადად მოწმეთა ჩვენებებს მოიცავს, ასევე სამედიცინო დოკუმენტაციით, რაც დაზარალებულების დაზიანებებს ასახავს, ამ ეტაპზე იკვეთება გიგი უგულავას მხრიდან დანაშაული. ამ ეტაპზე დგინდება, რომ ინციდენტში მონაწილეობდა ოთხი პირი, ერთ მხარეს იყვნენ გიორგი უგულავა და გიორგი გაბაშვილი, მეორე მხარეს – ორი სხვა პირი. ამ დროისთვის საუბარია ცემაზე. პირს, რომელიც უგულავამ სცემა, აღენიშნება დაზიანებები სახის არეში და ამას ადასტურებს ექიმის დასკვნაც. საბოლოოდ რა ხარისხის დაზიანებები აქვს ამ პირს, ექსპერტიზა უპასუხებს.
ბრალდების მხარე შუამდგომლობს გიორგი უგულავას მიმართ, ხუთი ათას ლარიანი გირაოს გამოყენებით. ასევე მოვითხოვთ, მისი პირადობის მოწმობის ან პასპორტის ჩაბარებას საგამოძიებო უწყებაში. იმავე სახის შუამდგომლობით მივმართავთ სასამართლოს მეორე პირთან დაკავშირებითაც, რომელმაც დაზიანება მიაყენა გიორგი გაბაშვილს“, – განაცხადა პროკურორმა.
მისივე თქმით, ვინ იყო სიტყვიერი დაპირისპირების ინიციატორი, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ასახელებს.
„ადგილი ჰქონდა კონფლიქტს, რაც დაიწყო სიტყვიერი დაპირისპირებით და გადაიზარდა ფიზიკურში. სიტყვიერი დაპირისპირება არ ფიგურირებს არც ერთი პირის ბრალდებაში. ვინ იყო ინიციატორი სიტყვიერი დაპირისპირების, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერრ მოგახსენებთ. ფიზიკური დაპირისპირების ინიციატორი კი, იყო გიგი უგულავა, რასაც მტკიცებულებები ადასტურებს“, – განაცხადა საქმის პროკურორმა.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ 11 დეკემბერს „ფეისბუქში“ დაწერა, რომ მას და გოკა გაბაშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავს დაესხნენ. მომხდართან დაკავშირებით იმავე დღეს უგულავა და გაბაშვილი შსს-ში გამოიკითხნენ.
აეროპორტში მომხდარ ინციდენტზე გიგი უგულავას ბრალი ძალადობის მუხლით წარედგინა, გოკა გაბაშვილი კი, დაზარალებულადაა ცნობილი.