პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ რამდენიმე კომპონენტში ცვლილებები შევიდა
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ რამდენიმე კომპონენტში ცვლილებები შევიდა

პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ სხვადასხვა კომპონენტში ცვლილებები შევიდა, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

„დღეს მთავრობის სხდომამ განიხილა და დაამტკიცა მორიგი ცვლილებები და დაზუსტებები პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში სხვადასხვა კომპონენტში. მათ შორის, საყურადღებოა რამდენიმე ცვლილება. პირველ რიგში, ერთ-ერთი კომპონენტი მოქმედებს ამ პროგრამის ფარგლებში, როდესაც ბიზნესებს ერთ ლარად გადავცემთ გარკვეულ ინდუსტრიულ მიწას, განსაკუთებით ეს პრაქტიკა არის რეგიონებში, საინვესტიციო და დასაქმების ვალდებულებების შესრულების სანაცვლოდ“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, აღნიშნული პრაქტიკა აპრობირებულია, მაგრამ ამ დრომდე არ იყო მკაფიოდ გამოკვეთილი დარგები, ახლა კი გაფართოვდა იმ დარგების ჩამონათვალი, რომელ დარგებშივ შეიძლება, ინვესტორმა მოახდინოს ახალი საწარმოს შექმნა. ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, ინვესტორი მიმართავს ქონების ეროვნულ საააგენტოს, შეარჩევს შესაფერის მიწას და გარკვეული პროპორციით ინვესტიციისა და დასაქმების ვალდებულების აღების სანაცვლოდ, მას მიწა გადაეცემა.

„ეს დარგებია: სოფლის მეურნეობის სატყეო და თევზჭერის მეურნეობა; დამამუშავებელი მრეწველობა სრულიად, რადგან აქ დასაქმების ყველაზე დიდი შესაძლებლობაა; ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება; სხვადასხვა მანქანა-დანადგარის, ჩარხების წარმოება; ტრანსპორტი და დასაწყობა, ანუ ლოგისტიკური სერვისი და დაწყობება; პროფესიული სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები; ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურებების საქმიანობები. ეს არის საქმიანობების ფართო ჩამონათვალი, რომელსაც აერთიანებენ მსხვილი ჯგუფები“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ კიდევ ერთი ცვლილება შედის გამარტივების თვალსაზრისით.

„როდესაც ჩვენ მოგვმართავენ ბიზნესები, ჩვენ ვრთავთ პროგრამაში და ვუსუბსიდირებთ სესხის პროცენტის დიდ ნაწილს, ამის სანაცვლოდ ვუწესებთ გარკვეულ ვალდებულებებს. ეს არის ინვესტიციის შესრულება, ხშირად დასაქმების რაოდენობა, პროფილის შენარჩუნება და დღემდე იყო კონკრეტულ თარიღებში პროდუქციის კონკრეტული რაოდენობის გამოშვების ვალდებულება. ისეთი დინამიური ვითარებაა ახლა საქართველოს ეკონომიკაში, რეგიონში და მსოფლიოში, რომ ეს უკვე ზედმეტ ბიუროკრატიულ წნეხად იქცა. ჩვენ ხშირად მოგვმართავდნენ ჩვენი ბენეფიციარი საწარმოები, რომ გადახედვა მომხდარიყო პროდუქციის რაოდენობის, რასაც ისინი აწარმოებენ. ჩვენ ამას სრულიად ვიზიარებთ. მთავრობამაც გაიზიარა, რომ თუკი ინვესტორმა ჩადო ინვესტიცია, ბუნებრივია, ის მოწადინებულია, გამოუშვას პროდუქცია და მიიღოს უკუგება. მაგრამ პროდუქციის გამოშვება ხშრად დამოკიდებულია ბაზრის მოთხოვნაზე, რომელიც ცვალებადია, განსაკუთრებით რთულ და კრიზისულ ვითარებაში. აქედან გამომდინარე ჩვენ ვამარტივებთ ამ მიდგომას და ეს ვალდებულება იქნება მოხსნილი“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, პროგრამაში კიდევ ერთი დაზუსტება შევიდა, რომლის ინიციატორებიც იყვნენ ზამთრის კურორტებზე მდებარე სასტუმროები, თუმცა მისივე თქმით, შესწორება მთელ ტურისტულ ინდუსტრიას შეეხება.

„კერძოდ, მათ დღემდე ჩვენი სესხის პროცენტის თანადაფინანსება ერიცხეოდათ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისინი თავის წილ კონტრიბუციას გადაიხდიდნენ. ეს ხშირად იყო რთული, განსაკუთრებით დღეს, როდესაც მათ საბრუნავი საშუალებები შეზღუდული აქვთ და ზოგს საერთოდ არ აქვს შემოსავალი, ამიტომ ჩვენ ეს შეზღუდვა მოვხსენით და ჩვენი სუბსიდია მათ ჩაერიცხებათ მიუხედავად იმისა, თუ რამდენად დროულად გადაიხადეს თანამონაწილეობის წილი“, – დასძინა ნათია თურნავამ.