ნათია თურნავა - 2025 წელს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკის შედეგად ინფლაციური მოლოდინები სტაბილურად შენარჩუნდა
ნათია თურნავა - 2025 წელს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკის შედეგად ინფლაციური მოლოდინები სტაბილურად შენარჩუნდა

მნიშვნელოვანია, რომ 2025 წელს გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების ამსახველი ინდიკატორები, როგორებიცაა საბაზო ინფლაცია და მომსახურების ინფლაცია, წლის განმავლობაში სამ პროცენტთან შედარებით დაბალი შენარჩუნდა, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე 2025 წლის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, 2025 წელს საშუალო წლიურმა ინფლაციამ 3.9 პროცენტი შეადგინა, რაც მიზნობრივი სამპროცენტიანი მაჩვენებლისგან ზომიერად გადახრილი იყო.

„საბაზო ინფლაციამ 2025 წელს საშუალოდ 2.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო მომსახურების სექტორში, სადაც ფასების ცვლილება შედარებით ხისტი ხასიათისაა, ინფლაცია საშუალოდ 2.7 პროცენტი იყო. ეს კი მიუთითებს, რომ ეროვნული ბანკის მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკის შედეგად ინფლაციური მოლოდინები კარგად იყო მართული, სტაბილურად შენარჩუნდა და ინფლაციური პროცესები ნაკლებად ყოვლისმომცველი იყო“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტებით, 2025 წლის ოქტომბრის პიკური 5.2 პროცენტის შემდგომ ინფლაციას თანმიმდევრულად კლებადი ტენდენცია ჰქონდა. კერძოდ, 2026 წლის იანვარში წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 4.8 პროცენტამდე მოიკლო და მარტში უკვე 4.3 პროცენტამდე შემცირდა.

„ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყების შედეგად საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასები გლობალურად გაიზარდა, რამაც ადგილობრივადაც გააძვირა საწვავი და აპრილის ინფლაციაში დამატებით 0.8 პროცენტული პუნქტის (პპ) წვლილი შეიტანა. საბოლოოდ, აღნიშნული მიწოდების შოკის პირდაპირი და არაპირდაპირი ეფექტების ერთობლიობის შედეგად აპრილში მთლიანი ინფლაცია მიზნობრივი სამპროცენტიანი დონიდან გადაიხარა და 5.9 პროცენტი შეადგინა, თუმცა შედარებით ხისტი ფასების ინდიკატორები კვლავ მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოსაა. კერძოდ, საბაზო ინფლაციამ აპრილში – 3.2 პროცენტი, ხოლო მომსახურების ინფლაციამ 3.7 პროცენტი შეადგინა“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.