პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ოზურგეთში ახალი სასტუმრო შენდება  
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ოზურგეთში ახალი სასტუმრო შენდება  

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, 2019 წლის გაზაფხულზე, ოზურგეთში ახალი, მაღალი სტანდარტების მქონე სასტუმრო „მაგნიკა“ გაიხსნება.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ ნატანებში 42 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა დაიწყო, სადაც მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება დაისვენოს კომფორტულ, კეთილმოწყობილ გარემოში. ტერიტორიაზე განთავსდება აუზი, გასართობი, კულტურული, სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცეები. პროექტის ფარგლებში, 50-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.

სამინისტროს ინფორმაციით, შპს „მაგნიკა“ სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც ნიშნავს, რომ პირველი ორი წლის განმავლობაში აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთის 10%-ს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დაფარავს.

აღნიშნული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 7 000 000 ლარს შეადგენს.

2018 წლის ოქტომბრისთვის მონაცემებით, „აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, სულ 2014 წლიდან მხარდაჭერილია 418 პროექტი (მოიცავს ინდუსტრიულ, სოფლის, სასტუმროს და ქონების მიმართულებებს), რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 1 მილიარდ ლარზე მეტია. აქედან კომერციული ბანკების მიერ დამტკიცებული სესხების მოცულობა ჯამში 547 მლნ ლარზე მეტია.