პროფკავშირების ინფორმაციით, ტყიბულის შახტებში ეკონომიკის სამინისტროს ჯგუფი შემოწმების მიზნით ჩავა
მეშახტეები შახტაში ჩასასვლელი მექანიზმის, ე.წ. დამხმარე ჭაურის შემოწმებას ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის ჯგუფისგან ითხოვენ და მათი ინფორმაციით, სპეციალური ჯგუფი ტყიბულში 15 ივნისს ჩავა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პროფკავშირების წარმომადგენელმა, გაგა ისაკაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, საწარმოს ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებამ ვერ შედგა.
„ეს არ არის მეშახტეების აქცია და პროტესტი, ეს არის სიფრთხილე მათი სიცოცხლის და ჯანმრთელობის დასაცავად“, – განაცხადა გაგა ისაკაძემ.
ტყიბულის მინდელისა და ძიძიგურის შახტებში ორი დღეა, სამუშაოები შეწყვეტილია. ინციდენტი, რის გამოც მეშახტეებმა ნახშირის მოპოვების სამუშაოების გაგრძელებაზე უარი თქვეს, ორი დღის წინ მოხდა. შახტაში გაიჭედა ლიფტი და მეშახტეები დაახლოებით ორი საათის განმავლობაში გაჭედილი იყვნენ. ამასთან, მეშახტეებს ხელფასების მატებასთან და პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებული მოთხოვნები აქვთ.