პროფესიული განათლების მიღების მსურველთა ტესტირება 5-6 სექტემბერს დაიწყება
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, 2020 წლის შემოდგომაზე ორგანიზებული პროფესიული ტესტირების ჩატარების განრიგი დამტკიცდა.
პროფესიული განათლების მიღების მსურველ პირთა პროფესიული ტესტირება 2020 წლის 5-6 სექტემბერს დილის 09:00 საათიდან დაიწყება.
„პროფესიული ტესტირების გავლა სავალდებულოა, შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისა და სახელმწიფო დაფინანსების მოპოვების მიზნით.
ასევე გაცნობებთ, რომ პროფესიული ტესტირების წინა დღეს, ონლაინ რეჟიმში, ჩატარდება საცდელი ტესტირება, აპლიკანტებს საშუალება ექნებათ, ყოველგვარი შეფასების გარეშე ივარჯიშონ და მოსინჯონ საკუთარი ძალები.
პროფესიულ პროგრამებზე დარეგისტრირებული პირები მიიღებენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს (sms-ებს) საგამოცდო ბარათების შესახებ, რომლებიც გაიცემა პროფესიულ კოლეჯებში, პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ უმაღლეს სასწავლებლებსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.
ბარათზე მითითებული იქნება: საგამოცდო ცენტრის მისამართი, ინფორმაცია პრეტესტის შესახებ, ტესტირების თარიღის შესახებ და სხვა დეტალები.
ბარათის მისაღებად თან იქონიეთ: სარეგისტრაციო ფურცელი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო ტესტირებაზე თან უნდა იქონიოთ: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, საგამოცდო ბარათი, პირბადე და კალამი“, – ნათქვამია განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.