საქართველოში პროფესიული განათლების ახალი სისტემა იქმნება
საქართველოში პროფესიული განათლების ახალი სისტემა იქმნება

საქართველოში პროფესიული განათლების ახალი სისტემა იქმნება. „პროფესიული განათლების შესახებ“ ახალი კანონის პროექტზე დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა.

„ჩვენ ვიწყებთ სრულიად ახალ ეტაპს ევროპაში არსებული თანამედროვე  მოდელების გათვალისწინებით, ეს გახლავთ ძირითადად გერმანიაში, ავსტრიაში, შვეიცარიაში აპრობირებული მოდელები და გულისხმობს პროფესიული განათლების ახალი სისტემის შექმნას“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, გათვალისწინებულია პროფესიულ განათლებაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის  ინტეგრაცია, ანუ, ჩნდება ატესტატის მიღებისა და პროფესიული განათლებიდან უმაღლესი განათლების საფეხურზე გადასვლის შესაძლებლობა; ასევე იქმნება პროფესიული განათლების საფეხურზე მიღებული კრედიტების უმაღლესი განათლების საფეხურზე ჩათვლის შესაძლებლობა.

„მოხდება სამუშაოზე დაფუძნებული – ე.წ. დუალური სწავლების ფორმის განსაზღვრა და მისი პრიორიტეტიზაცია; ასევე გაჩნდება ერთობლივი და გაცვლითი პროგრამების განხორციელების შესაძლებლობა; ჩამოყალიბდება პროფესიული მომზადებისა და გადამზადების სისტემა, არა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის, არამედ ზრდასრულთათვის განხორციელდება მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროგრამები, რომელთა მიზანი ერთ შემთხვევაში,  შეიძლება იყოს კვალიფიკაციის მინიჭება, ხოლო მეორე შემთხვევაში – ცალკეული კომპეტენციების განვითარება, ცოდნის გაღრმავება, გადამზადება და ა.შ“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ამასთან, პრემიერის თქმით, დაინერგება ინკლუზიური განათლების სისტემური მიდგომები; სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს კი, ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების, მათ შორის, სწავლის პროცესში შექმნილი პროდუქციის რეალიზაციის/მომსახურების გაწევის უფლება მიენიჭებათ.

„ჩამოყალიბდება მასწავლებლების მომზადების, კარიერული წინსვლის სისტემა; იქმნება არაფორმალური და ფორმალური განათლების  აღიარების შესაძლებლობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი განმარტებით, კანონპროექტი სრულ შესაბამისობაშია ევროსტანდარტებთან, მათ შორის, ასოცირების ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებთან.

გიორგი კვირიკაშვილმა განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს აღნიშნულთან დაკავშირებით, მთავრობის სხდომის შემდეგ მედიასთან კომენტარის გაკეთება სთხოვა.