პროექტის „ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, ადიგენის სატყეო უბანზე ტყის ინვენტარიზაცია 30 000 ჰა ფართობზე განხორციელდა
პროექტის „ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, ადიგენის სატყეო უბანზე ტყის ინვენტარიზაცია 30 000 ჰა ფართობზე განხორციელდა.
საველე სამუშაოები დასრულებულია, რის შემდეგაც ტყის მართვის მრავალმიზნობრივი გამოყენების გეგმები მომზადდება.
პროექტს სლოვენიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF) სლოვენიური კომპანიის (Zavita) ჩართულობით ახორციელებს. სლოვენიის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების ცენტრის (CMSR) მიერ პროექტისთვის 563 540 ევროა გამოყოფილი.
პროექტი 2022 წლის ბოლოს დასრულდება. ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებმა სლოვენიის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს წარმომადგენელს, მოიცა კოპსეს განხორციელებული აქტივობები გააცნეს. შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
2021 წელს, პროექტის ფარგლებში, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ ტყის ინვენტარიზაციის აღჭურვილობა შეიძინა, გადამზადდა 10 ახალგაზრდა მეტყევე-სპეციალისტი, რომლებიც ინვენტარიზაციის სამუშაოებზე იყვნენ დასაქმებულები. შეძენილია საველე აღჭურვილობა – ტყის სატვირთო, პიკაპის ტიპის ავტომანქანები, ექსკავატორი და ხის გამყოფი დანადგარი.
პროექტის საბოლოო მიზანი ადიგენის მუნიციპალიტეტში მდგრადი ტყით სარგებლობის წინაპირობის შექმნაა, რაც, თავის მხრივ, ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.