პროექტების მართვის სააგენტო „დანერგე მომავლის“ ფარგლებში გაშენებულ ბაღებში 2020 წლისთვის 16 ათას ტონა მოსავალს ელოდება
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი პაატა შეყელაძე აცხადებს, რომ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ მართული „დანერგე მომავლის“ კომპონენტის ფარგლებში, სახელმწიფო შედეგს უკვე იღებს. მაგალითად, გაცემული გრანტის 1 ლარზე სახელმწიფო გადასახადის სახით 81 თეთრს იბრუნებს.
პროექტთან დაკავშირებით შეყილაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას ისაუბრა.
„ეს მხოლოდ დასაწყისია. აგრობიზნესი რთულია. ისე არ ხდება, რომ თანხა დღეს ჩადო და ხვალ გარკვეული შემოსავალი მიიღო. ამას გარკევული დრო სჭირდება განვითარებისთვის“, – განმარტა შეყელაძემ.
სააგენტოს პროგნოზით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს თანადაფინანსებით გაშენებულ ბაღებში, რომლის საერთო ფართობიც დაახლოებით 7 ათას ჰექტარს შეადგენს, 2020 წლისთვის 16 ათას ტონა მოსავლის მიღება იქნება შესაძლებელი, 2025 წლისთვის კი, მოსავლის მოცულობა 65 ათას ტონას მიაღწევს.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო 2012 წელს დაარსდა. დღეის მდგომარეობით, სააგენტო 11 პროექტს ახორციელებს აგრარული ინდუსტრიის სხვადასხვა მიმართულებით. შეყილაძის განცხადებით, მხოლოდ მიმდინარე იაფი აგროკრედიტის კომპონენტის ფარგლებში, უკვე გაიხსნა 190 ახალი საწარმო, გადაიარაღდა 911, გაიცა 38 ათასი სესხი 17 ათას ბენეფიციარზე, დასაქმდა 10 ათასი ადამიანი.
შეყელაძის განცხადებით, 2012 წლამდე აგროსექტორზე კომერციული ბანკების მიერ გაცემული მთლიანი სასესხო პორტფელი 58 მილიონ ლარს შეადგენდა. დღეისთვის, სააგენტოს თანადაფინანსებით ჯამურად გაცემულია 2 მილიარდ ლარამდე სესხი.