ირაკლი ღარიბაშვილი - „აწარმოე საქართველოში”, „დანერგე მომავალი” და სხვა პროგრამები უფრო მეტად უნდა გავხადოთ ხელმისაწვდომი, მათ შორის ადამიანებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ იღებენ სოციალურ დახმარებას
ირაკლი ღარიბაშვილი - „აწარმოე საქართველოში”, „დანერგე მომავალი” და სხვა პროგრამები უფრო მეტად უნდა გავხადოთ ხელმისაწვდომი, მათ შორის ადამიანებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ იღებენ სოციალურ დახმარებას

„აწარმოე საქართველოში“, „დანერგე მომავალი“ და სხვა უამრავი პროგრამა, რომელიც ხელმისაწვდომია ბაზარზე, უფრო მეტად უნდა გავხადოთ ყველასთვის ხელმისაწვდომი, მათ შორის იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ იღებენ სოციალურ დახმარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში, გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ადამიანები პირველ ეტაპზე შეიძლება მომსახურების სექტორში დასაქმდნენ და ამასთან, არ არის გამორიცხული, ძალიან ბევრმა შეძლოს და წარმოების განვითარება, ბაღებისა და ფერმების გაშენება დაიწყოს.

„შემთხვევით არ მიხსენებია პროგრამები, რომლებიც ჩამოვთვალე – იქნება ეს აგროკრედიტები თუ პროგრამები, რომელიც 2013 წელს დავიწყეთ, ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის დროს, შემდეგ „აწარმოე საქართველოში“, „დანერგე მომავალი“ – უამრავი პროგრამა, რომელიც ხელმისაწვდომია ბაზარზე. ჩვენ მოსახლეობას უნდა დავეხმაროთ, ეს პროგრამები კარგად გავაგებინოთ, უფრო მეტად გავაფართოვოთ, ხელმისაწვდომი გავხადოთ ყველასთვის, მათ შორის ამ ადამიანებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ იღებენ სოციალურ დახმარებას. ისინიც უნდა ჩავრთოთ. პირველ ეტაპზე შეიძლება, მომსახურების სექტორში დასაქმდნენ, მაგრამ მეორე მხრივ შეიძლება, მივაჩვიოთ ისინი რეალურ წარმოებაში დასაქმებას. არ არის გამორიცხული, რომ ძალიან ბევრმა შეძლოს და დაიწყოს წარმოების განვითარება, ბაღების, ფერმების გაშენება და ა.შ. საქმე, რომელიც დოვლათს შექმნის და კეთილდღეობას მოუტანს ჩვენს მოსახლეობას“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.