კახაბერ გვანცელაძე განმარტავს, რა პროცედურებით შეძლებენ უკრაინელი ბავშვების მშობლები თბილისის საჯარო ბაღებში შვილების მიყვანას
კახაბერ გვანცელაძე განმარტავს, რა პროცედურებით შეძლებენ უკრაინელი ბავშვების მშობლები თბილისის საჯარო ბაღებში შვილების მიყვანას

საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეების მშობლებს დღეიდან უკვე შეუძლიათ, რომ შვილები თბილისის საჯარო ბაღებში მიიყვანონ.

მისივე თქმით, თბილისის მერის კახა კალაძის ინიციატივასთან დაკავშირებით წარდგენილ დადგენილების ცვლილების პროექტს  საკრებულოში ყველამ მხარი დაუჭირა.

„თბილისის მერის ინიციატივით, უკრაინელ ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ, დარეგისტრირდნენ ჩვენს ბაღებში და მიიღონ ყველა სერვისი. მინდა, შევუერთდე უკრაინის მხარდაჭერას და თანადგომა გამოვუცხადო უკრაინელ ხალხს. 24 თებერვლის შემდეგ უკრაინაში განვითარებული პროცესებიდან გამომდინარე, ბატონმა კახიმ დააყენა ინიციატივა, რომ ყველა სერვისი, რაც კი თბილისის მერიას აქვს, უფასო ყოფილიყო უკრაინის მოქალაქეებისთვის. ამასთან, მათთვის ბაღების სერვისიც, კონკრეტულად რეგისტრაციაც ყოფილიყო გამარტივებული და იგივე სერვისი მიეღოთ, რასაც ქართველი ბავშვები იღებენ. დადგენილების ცვლილების პროექტი წარვადგინე საკრებულოში და კახი კალაძის ინიციატივას ყველა ფრაქციამ მხარი ერთხმად დაუჭირა. დღეიდან შესაძლებელია, მიიყვანონ ბავშვები თბილისის საჯარო ბაღებში. მიღებული დოკუმენტის ვადა განსაზღვრული არ არის“, – განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

კახაბერ გვანცელაძემ განმარტა, რა პროცედურების გავლის საფუძველზე შეძლებენ უკრაინელი ბავშვების მშობლები შვილების თბილისის საბავშვო ბაღებში მიყვანას.

„თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს უნდა მოგვმართონ შესაბამისი განცხადებით. საზღვრის კვეთის და ბავშვის მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ“, – აღნიშნა გვანცელაძემ.

ცნობისთვის, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე დღის წინ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეების შვილებს თბილისის საჯარო ბაღები უფასოდ მიიღებენ. დღეს კი დედაქალაქის მერიის ინიცირებული შესაბამისი ცვლილებები თბილისის საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე განიხილა და მას მხარი ერთხმად დაუჭირა. ამასთან, ცვლილებების თანახმად, პირველ იანვრამდე საქართველოში შემოსული 2-დან 6 წლამდე ასაკის უკრაინელი ბავშვები საჯარო ბაგა-ბაღებში ელექტრონული რეგისტრაციისა და ბინადრობის ნებართვის გარეშე ჩაირიცხებიან.