„პრობლემურ მსესხებელთა უფლებადამცველი ასოციაცია“ მოქალაქეებს სესხის განულების დამადასტურებელი ცნობის აღებას ურჩევს
„პრობლემურ მსესხებელთა უფლებადამცველი ასოციაცია“ მოქალაქეებს, რომლებსაც სესხი გაუნულდათ, ურჩევს, აიღონ ცნობა, რომლითაც დადასტურდება, რომ ამა თუ იმ კომპანიის მიმართ დავალიანება აღარ აქვთ.
ასოციაცია აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ პრობლემური სესხების ე.წ. ამომღებმა კომპანიებმა განულებული სესხების თავიდან მოთხოვნა დაიწყეს. გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, ასოციაცია მსესხებლებს შესაბამისი ცნობის აღებისკენ მოუწოდებს.
„კონკრეტულმა იურიდიულმა პირმა (ქართუ ფონდმა) შეიძინა გაპრობლემებული აქტივები კერძო ბანკებიდან და ამომღები კომპანიებიდან, ზოგმა უარი თქვა პორტფელის გაყიდვაზე. თუმცა ჩამოწერის პროექტი საკმაოდ კარგად ჩატარდა, რასაც მივესალმებით. კარგი ინიციატივა იყო, თუმცა ამომღებმა კომპანიებმა თავიდან დაიწყეს გადახდის მოთხოვნა. ყველამ, ვისაც სესხი გაგინულდათ, მიმართეთ კომპანიებს განულების ცნობის ასაღებად, დოკუმენტი, რომ აღარ გაქვთ დავალიანება ამა თუ იმ კომპანიის მიმართ. თუ სიტყვიერი მოლაპარაკებით უარს გეტყვიან საბუთზე, მიმართეთ წერილობით. დავიცვათ ჩვენი უფლება და დავიზღვიოთ თავი“, – აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერით, პრობლემური სესხების განულების ინიციატივა განხორციელდა. 18 იანვარს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხდა, რომ ვალების ჩამოწერის პროექტი წარმატებით დასრულდა, რომლის ფარგლებში 600 000-ზე მეტ მოქალაქეს ვალი ჩამოეწერა.