მამუკა ბახტაძე - ვალების ჩამოწერის პროექტი წარმატებით დასრულდა
მამუკა ბახტაძე - ვალების ჩამოწერის პროექტი წარმატებით დასრულდა

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ ვალების ჩამოწერის პროექტი წარმატებით დასრულდა, რომლის ფარგლებში  600 000-ზე მეტ მოქალაქეს ვალი  ჩამოეწერა.

მისი თქმით, მთავრობამ დანაპირები პირნათლად შეასრულა და მოქალაქეების დიდი ნაწილი ახალ წელს ვალების გარეშე შეხვდა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, 15 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პროექტში მონაწილეობა მიიღო 38-მა საფინანსო ორგანიზაციამ; ხოლო 2019 წლის 1-15 იანვრის პერიოდში, პრობლემური სესხების განულების პროექტში თანამშრომლობის სურვილი კიდევ 14-მა საფინანსო ორგანიზაციამ გამოთქვა და ფონდმა „ქართუმ“ მსგავსი ხელშეკრულება მათთანაც გააფორმა.

მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ფონდ „ქართუს“ და აღნიშნა, რომ მათი მხარდაჭერის გარეშე ასეთი მასშტაბის და უპრეცედენტო პროექტის რეალიზაცია შეუძლებელი იქნებოდა.

„სამწუხაროდ, პროექტს მიღმა დარჩა საფინანსო ორგანიზაციების მცირე ნაწილი. ჩვენ შეგვიძლია, მათ მოვუწოდოთ, ასეთ შემთხვევაში თავად გაუწიონ შეღავათები მსესხებლებს ისევე, როგორც რამდენიმე ორგანიზაციამ ეს უკვე დააანონსა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.